შოთა ბერეკაშვილი ეკონომისტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომისტის დღესთან და ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
შოთა ბერეკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პარამეტრებზე, მდგრადი და სტაბილურ ფინანსურ სისტემაზე და ინოვაციური ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ეროვნული ვალუტა უკვე 30 წლის არის. ეს არა მხოლოდ სიმბოლური საიუბილეო თარიღი, არამედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ფორმირების განმსაზღვრელია. მსოფლიო სწრაფად იცვლება, მასთან ერთად იცვლება მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთობების მოდელი. ეკონომიკური სისტემა, რომელიც ცნობილია გლობალური კაპიტალიზმით - გარდაქმნის პროცესშია და ჩვენ მრავალ პოლარული ეკონომიკური ცენტრების ფორმირების მომსწრე ვართ, როგორიც არის - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, შუა აღმოსავლეთი-გალფის ქვეყნები და ა.შ. ასეთი ცვლილებები უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და ასევე წარმოშობს რისკებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის მათ ინტერესებზე დაფუძნებული ეროვნული მონიტარული და ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. სწორედ ლარი გვაძლევს ამის საშუალებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ნიშნავს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, როგორც ტრადიციულ ისე ახალ ეკონომიკურ ცენტრებთან.
„გონივრულმა და დაბალანსებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რის შედეგადაც, ეკონომიკა გაორმაგდა და მიმდინარე მაჩვენებელით პირველად 100 მილიარდ ლარს გადააჭარბა. უფრო მეტიც, ჩვენი რეალისტური მოლოდინია, რომ 2025 წლის ბოლოს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს მიაღწევს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ უახლოეს წლებში საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს. თუმცა, ზრდის შენარჩუნება და გაძლიერება, პირველ რიგში, მოითხოვს გლობალური ცვლილებების შედეგად გამოწვეული შესაძლებლობების სწორ იდენტიფიცირებას და მათ თანხვედრას ეროვნული ეკონომიკის შესაძლებლობებთან. ამ მიმართულებით, ცხადად იკვეთება ქვეყნისთვის სტრატეგიული ეკონომიკური სექტორები: ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტურიზმი-დეველოპმენტი და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წამყვან ეკონომიკურ სექტორებში ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ გაზარდოს ეკონომიკის ეფექტურობა, არამედ ახალი დარგები განავითაროს და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას. რაც თავის მხრივ, რესურსების ოპტიმიზაციას და ბიზნეს პროცესების დაჩქარებას განაპიროებებს.
„მსოფლიო ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დანერგვაზე. ყოველივე ეს მოითხოვს ჭარბ ენერგორესურს. შედეგად, ქვეყნებს, რომლებსაც ექნებათ ენერგოდამოუკიდებლობა და „იაფი ენერგეტიკული რესურსი“ მათ მომავლის ეკონომიკაში კონკურენტული უპირატესობა მიეცემათ. ამიტომ, ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის განვითარებას საჭიროა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი გახდეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანას მდგრადი და სტაბილური ფინანსური სისტემა გააჩნია. თუმცა საფინანსო სისტემის კონკურენტუნარიანობის ზრდის და კაპიტალის ბაზრების კიდევ უფრო განვითარებისთვის დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
ასევე, მნიშვნელოვანია განათლების სისტემამ ზუსტად უპასუხოს სტრატეგიული ეკონომიკის სექტორების საკადრო მოთხოვნებს, იქნება ეს პროფესიული, თუ სამეცნიერო-საგანმანათლებლო. ამიტომ, სამეცნიერო კვლევითი ცენტრების შექმნისა და განვითარებისთვის მზარდი ფინანსური რესურსის დახარჯვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს.
და ბოლოს სტაბილურობა და მშვიდობა არის ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი. სწორედ მშვიდ გარემოში იქმნება გრძელვადიანი სტრატეგიები, ინოვაციები და შესაძლებელი ხდება სწრაფი განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ცოდნა, შრომა და გამოცდილება საქართველოს მიიყვანს წინსვლის ახალ ეტაპზე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა მიმართეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.16:27
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 2 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახლად მოწყობილ წყალმომარაგების სისტემაზე 7 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.
სარეაბილიტაციო პროექტი ჯივიპიმ ივლისის თვეში დაიწყო და ოქტომბერში დაასრულებს, რაშიც კომპანია ჯამში 400 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
პროექტის შედეგად ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.