შევიმუშავეთ გზამკვლევი, რომელიც მედიისთვის კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნების ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს - ComCom
კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების სწორად და ეფექტიანად აღსრულების მიზნით, მაუწყებლებისთვის შინაარსობრივი მოთხოვნების, კერძოდ, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ჯეროვანი სიზუსტის, პასუხის უფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და საგანგებო ვითარების გაშუქების შესახებ გზამკვლევი გამოაქვეყნა. გზამკვლევის გამოქვეყნების მიზანია, მაუწყებლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი გახდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის ხედვები და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ComCom-ის მიდგომები, რაც მათ საქმიანობის სწორად წარმართვაში და კანონის დაცვაში დაეხმარებათ.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით მაუწყებლებს ევალებათ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადასცენ მაყურებელს. ასევე, დაიცვან სამართლიანობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება, ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში არ გამოხატონ საკუთარი პოზიცია. კანონმდებლობა აწესრიგებს ისეთ საკითხებსაც, როგორებიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ასეთი კანონმდებლობა მრავალი წელია მოქმედებს და მის დაცვას მედიამომსახურების სფეროს მარეგულირებელი ორგანოები ზედამხედველობენ. ჩამოთვლილი ჟურნალისტური სტანდარტებით მაუწყებლობა მაყურებელთა უფლებების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკითხებიდან ნაწილი მანამდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდებოდა და მხოლოდ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით კი დადგინდა აღნიშნული მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კანონში ცვლილებამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომუნიკაციების კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების კომისიას აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი ემსახურება კანონმდებლობის განმარტების თაობაზე მედიამომსახურებების სფეროს მარეგულირებელი ორგანოს ხედვის ილუსტრირებას და არ აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა.
კომუნიკაციების კომისის მიზანია, რომ გზამკვლევი მაუწყებლებს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაში დაეხმაროს.
სხვა სიახლეები
01.09.2025.17:46
2025 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება. პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებებებით:
• სამართალი
• ეკონომიკა
• ბიზნესის ადმინისტრირება
• მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა
• გეოლოგია/კარტოგრაფია
• ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები
• მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი
• ენერგეტიკა
• ფინანსები/აუდიტი
• საერთაშორისო ურთიერთობები
• საჯარო მმართველობა
• ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები
• კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
• ტრანსპორტი/ლოგისტიკა
• საზღვაო მიმართულება
• ჰიდროგრაფია
• ტურიზმის მიმართულება
• სოციალური მეცნიერებები
• პროგრამირება/IT მიმართულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, www.hr.gov.ge -ის მეშვეობით.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.