შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა - ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ რეგისტრაცია სრულდება
ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ განაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური და პრაქტიკული 4 თვიანი კურსი, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერი ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ აღნიშნული პროფესია სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტების და გადაცემების მომზადებას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟს, ასევე სოციალურ მედია მარკეტინგს და შექმნიან მრავალფეროვან მედიაპორტფელს.
მსურველები „მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოხვედრას შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ შეძლებენ. პირველი ეტაპისთვის, დაინტერესებულმა პირებმა 13 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი და გაიარონ რეგისტრაცია. მეორე ეტაპზე, 16-17 ივლისს, გაიმართება წერითი ტესტირება, ხოლო ბოლო ეტაპისთვის, კონკურსანტები გაივლიან ზეპირ გასაუბრებასა და სატესტო ვიდეოჩაწერას, რაც 21-22 ივლისს ჩატარდება. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეები 4 თვის განმავლობაში, პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფისგან პრაქტიკულ ცოდნას, ხოლო კურსის დასასრულს - შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ რამდენიმე კურსდამთავრებულმა, მედიასკოლის მიერ გაწეული რეკომენდაციისა და მიღებული გამოცდილების დახმარებით, სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში დასაქმება უკვე შეძლო.
სასწავლო და სამუშაო შეხვედრები 8 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე, 09:00-18:00 საათებში, მედიააკადემიის სივრცეში გაიმართება. კურსის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ აღჭურვილობა, რაც რეალურ ნიუსრუმში მუშაობისთვის არის საჭირო.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - რეგისტრაცია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, გამოგზავნეთ შეტყობინება კომუნიკაციების კომისიის ან მედიააკადემიის ფეისბუქ გვერდებზე.
სხვა სიახლეები
17.06.2025.15:43
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და კომისიის წევრები, განახლებადი ენერგიების კომპანიების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებსა და შესაბამისად სემეკის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის პროექტზე, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას.
ნეტოაღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომლის განხორციელების ვალდებულება განპირობებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმით.
შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე განისაზღვრა, თუ რა პერიოდით ისარგებლებენ 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო აღრიცხვის სქემით.
ენერგეტიკული გაერთიანების მიერ სემეკისთვის მოცემული რეკომენდაციებისა და განმარტების შესაბამისად, ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალკე-ცალკე აღრიცხვას. ნეტო დარიცხვის დროს, აქტიური მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია ფინანსურად ანაზღაურდება და კვტ/სთ ელექტროენერგია არ შეინახება კრედიტად მომავალი გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, როგორც ნებისმიერი სხვა საბოლოო მომხმარებელი.