შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ეკოსისტემის შესწავლის კვლევები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში ევროპული სტანდარტების ხელსაწყოს - დემერსალური ტრალის გამოყენებით, წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე კვლევებს ახორციელებენ.
აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკოსისტემის შესწავლისთვის და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების შესახებ მონაცემების შეგროვებას, რაც რეგიონში მდგრადი მეთევზეობის პრინციპების დანერგვას უზრუნველყოფს.
კვლევები პროექტის „ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“ ფარგლებში ხორციელდება და ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე მაღალი სიზუსტის სინჯების აღებას ითვალისწინებს.
აღნიშნული აღჭურვილობა, დემერსალური ტრალი, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) უსასყიდლოდ გადასცა. დემერსალუტი კვლევები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.15:03
დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2025 გაიხსნა. საქართველოს ეროვნული პავილიონი ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. პრეზიდენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად უმასპინძლა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და ერთიანი სტრატეგიული მიზნების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა აგროგამოფენაში CASPIAN AGRO 2025 ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი მწარმოებლები ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქციას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველია.
„ჩვენი მონაწილეობა გამოფენაში CASPIAN AGRO რეგიონული თანამშრომლობის, ჩვენი ურთიერთობის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ ხარისხიან პროდუქციას ახალ ბაზრებზე წვდომაში. მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყნის პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025, საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენას CASPIAN AGRO, რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 16 მაისს დასრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენაზე მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებიან.