შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წელს, კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკვე განხორციელდა 72 გემის ინსპექტირება. გამოვლენილია 7 სამართალდარღვევა. მათ შორის 5 გემიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები, რაც, ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებისა და შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
სხვა სიახლეები
დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
23.04.2026.15:06
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.