სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები ჯამში 300 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „თელავგაზისა“ და შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ 2026-2030 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 307,093,676 ლარს შეადგენს.
სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროექტებს.
შპს „თბილისი ენერჯი“ 2026-2030 წლებში 92,781,057 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2026-2030 წლებში 102,848,296 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 105,756,241 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,680,209 ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ამავე პერიოდისთვის შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ მიერ განხორციელდება 2,027,873 ლარის ინვესტიცია.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.