სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა. საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიების მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2024 წლის მაჩვენებლების 2023 წელთან შედარებით გაუარესება მიჩნეულ იქნა სემეკის ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად.
სემეკი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველწლიურად ახორციელებს ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტების დინამიკაზე დაკვირვებასა და მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზს, ხოლო გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შეიმუშავებს რეკომენდაციებს. აღნიშნულის შესაბამისად, სემეკის სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა სს „თელასისა” და სს „ენერგო პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის განსაზღვრის ინდექსები, მათ შორის, ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი).
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს „თელასის” სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 11 740 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 14 საათსა და 55 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9 სთ და 27 წთ) შედარებით, 5 საათით და 28 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 9.04-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6.06) შედარებით 2.98-ით არის გაუარესებული.
რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას”, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 74 504 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 61 საათსა და 38 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55 სთ და 8 წთ) შედარებით, 6 საათით და 30 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 31.06-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (29.71) შედარებით 1.35-ით არის გაუარესებული.
საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასისა” და სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის” შემუშავდება მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები, რომელთა შესრულება კომპანიებისათვის სავალდებულო იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
01.08.2025.11:07
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების, საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განვითარებისა და მომხმარებლებზე მორგებული გარემოს დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია დაამტკიცა.
სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვასა და სამომავლო აქტივობებზე ფინანსური ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდას.
დოკუმენტი განსაზღვრავს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს, ასევე, შეფასების ინდიკატორებსა და მათი მონიტორინგის პროცესს.
კერძოდ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გაძლიერდება პრინციპებზე დაფუძნებული ზედამხედველობა, რაც ფინანსური ორგანიზაციების მიერ არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პასიური პროცესის ნაცვლად, არსებული თუ მოსალოდნელი რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი საზედამხედველო ქმედებების გამოყენებით მათი მიტიგაციისთვის საჭირო პრაქტიკული გზების დასახვას გულისხმობს.
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაციის შედეგად, განხორციელდება თემატური შემოწმებები, რაც უფრო ნათლად წარმოაჩენს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გასაუმჯობესებელ საკითხებს.
ამასთან, მომხმარებლებზე მორგებული მდგრადი და ჯანსაღი გარემოს განვითარების მიზნით, არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს მიღმა, შემუშავდება შესაბამისი გზამკვლევები და რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
გარდა აღნიშნულისა, მეტი ყურადღება დაეთმობა მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული მიდგომების ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მათ დანერგვას.
საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის დოკუმენტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განახლდება. მოხდება განსაზღვრული პრიორიტეტების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, აქტუალური გამოწვევების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდება.