სემეკმა მიმდინარე წელს 63 სხდომა გამართა და 1720 საკითხი განიხილა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის განმავლობაში 63 საჯარო სხდომა გამართა და აღნიშნულ სხდომებზე ჯამში 1720 საკითხი განიხილა.
საჯარო სხდომებზე კომისიამ განიხილა და დაამტკიცა დადგენილებები და გადაწყვეტილებები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საკითხები ძირითადად შეეხებოდა სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებს, სალიცენზიო და სატარიფო საკითხებს, მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებს და ასევე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადებს.
სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში მოქმედ კომუნალური კომპანიებთან სადაო საკითხების არსებობის შემთხვევაში, მომართონ სემეკს ან მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).
სხვა სიახლეები
როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
30.12.2025.13:03
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
ქ. თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8,-10, დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, შიდა ქართლში -7,-9, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13 ,-15 დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.