სასკოლო ფორმით ჩვენ ბავშვებს კულტურას, წესრიგს ვაჩვევთ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის - გივი მიქანაძე
ფორმის არსებობა პირველ რიგში არის ასოცირება სკოლასთან, მეორე - თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და ამავდროულად ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმაზე საუბრისას.
რეფორმის თანახმად, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმები.
„ფორმის არსებობა, პირველ რიგში, არის ასოცირება სკოლასთან. მეორე - არის ის, რომ თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და ამავდროულად ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია. ამასთან, ჩვენ ბავშვებს კულტურას, წესრიგს ვაჩვევთ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის“, - განმარტავს მინისტრის.
რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ფორმებს თავად დააფინანსებს.
კიდევ ერთი სიახლე სახელმძღვანელოებს ეხება. ყველა - როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში საგნებს ერთიანი, სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებით ასწავლიან.
„ერთ სკოლაში ერთი სახელმძღვანელოთი ისწავლება, მეორე სკოლაში - მეორით. ამასთანავე, სახელმძღვანელოების ნაწილში ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი ბოლომდე ვერ პასუხობენ იმ მზაობას, რაც მათ აკავშირებს ეროვნული გამოცდების მასალასთან, არ არის სიღრმისეული, რიგ შემთხვევებში არის ფრაგმენტული. ასეთი აღრევა იმ შედეგს ვერ გვაძლევს, რომელიც ხარისხიანი განათლების მიცემაზეა ორიენტირებული. ჩვენ შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში ახალ სახელმძღვანელოებს შევიმუშავებთ, პილოტირების რეჟიმში გადავიტანთ, დავხვეწავთ, გავაუმჯობესებთ და საბოლოო ჯამში შევიტანთ“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტის ღირებულებამ ₾5.2 მილიონი შეადგინა
08.12.2025.16:00
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
განახლებული მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სოფლებს - სადგერს, ტბასა და ცემს ემსახურება და ძირითადად, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, რაც გზის უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და გაფართოება, კიუვეტების, მილებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და მოწყობა. მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერება, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
განახლებული გზა არსებითად გააუმჯობესებს სოფლებში მცხოვრები ოჯახების გადაადგილების პირობებს.
პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5.2 მილიონი ლარია.
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის მასშტაბური, კაპიტალური რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წელს განახორციელა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა 6.5 კმ-იანი მონაკვეთის განახლება.