სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
ანგარიშში სხვადასხვა თემასთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის საკითხი (გვ 54-57). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. დოკუმენტის ფარგლებში ვიზუალიზებულია ევროპის რუკა, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველომ 6.5 ქულა დაიმსახურა და ლიეტუვასა და პორტუგალიასთან ერთად თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა.
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ შემდეგ სახელმწიფოებს: იტალიას, ესპანეთს, ლატვიას, საბერძნეთს, სლოვენიას, ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ხორვატიას და ა.შ.
ევროპაში ბოლო ადგილებზე სამ ქულაზე დაბალი შეფასებით ორი ქვეყანა მოხვდა - მოლდოვა (2.6 ქულა) და ბოსნია-ჰერცეგოვინა (2.2 ქულა).
სასამართლო სისტემის ხარისხის შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებსაც ეხება, რომელიც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ადგენს.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მიხედვით ირკვევა, რომ მაგალითად ალბანეთში დარღვევების ნახევარი (78-დან 38) გამოწვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით, რომელიც მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში.
მოლდოვასთან დაკავშირებით თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევისთვის 180 გამამტყუნებელი განაჩენია (492-დან), თურქეთში - 3458-დან 991 და უკრაინაში - 1800-დან 622.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ავსტრიაში თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევად 97 (287-დან) იქნა მიჩნეული, ხორვატიაში - 142 (406-დან) საქმით, რუმინეთში - 481 (1541-დან), საბერძნეთში - 145 (969-დან) და იტალიაში - 301 (1915-დან).
რუმინეთში დარღვევების ერთი მესამედი თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევას უკავშირდება, რაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი წილია ევროპაში.
ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ, რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.