საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის აღდგენის ისტორიული პროგრამა იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენი მეურნეობა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.
„ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის გრძელვადიანი მიზანია ქვეყნის მასშტაბით სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციების შექმნა, ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობებს შევუნახოთ ის ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა საქართველოს უნიკალურ ეკოსისტემას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საშენი მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 60 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებითა და სატელიტური საყელურებით.
„საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხდება წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის აღდგენა. ეს არის სახეობების აღდგენის პროგრამის ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსის, რევაზ ბეჟაშვილის განცხადებით, მეურნეობაში შექმნილია ხელსაყრელი პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის.
„სპეციალურად მოწყობილ გარემოში შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ ირმების ქცევა, სოციალური დინამიკა და ადაპტაციის ეტაპები. ეს ინფორმაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ სახეობის ბუნებაში დაბრუნების პროცესი“, - განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის დაცული ტყის მონაკვეთში კეთილშობილი ირმის 7 ინდივიდი - 5 ფური და 2 ხარირემი გაუშვეს, რომლებიც თბილისის ზოოპარკში არიან გამრავლებულები. პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 15-მდე გაიზრდება. სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ, კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში გაშვება თანდათანობით მოხდება.
ალგეთის ეროვნული პარკი ამ პროგრამისთვის მიზანმიმართულად შეირჩა - ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის შუაგულში, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები, ეკოლოგიური დერეფნები და მაღალი დაცულობის ხარისხი ქმნის ოპტიმალურ პირობებს როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:34
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა.
საბჭოს შექმნის შესახებ ახალ დადგენილებას საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი უხელმძღვანელებს.
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე სისტემურ მუშაობას ისახავს მიზნად და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს, „ბავშვთა უფლებების კოდექსს“ ეფუძნება და საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად წარმართავს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს მთავარი მიზანი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე საბჭო საკრებულოს წევრებისგან, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან, საჭიროების შემთხვევაში კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან შედგება.