საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა 20-წლიანი წყვეტის შემდეგ შეიქმნა
საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია 20-წლიანი ინტერვალის შემდეგ შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„მიწის ფონდის ერთიანი ბაზა მოიცავს ორ მიმართულებას: სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ მონაცემებს. სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია ერთწლიან და მრავალწლიანი კულტურებით დაფარულ ფართობებად, რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო ნაწილს, აქ მონაცემები წარმოდგენილია მრავალი მიმართულებით: ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, წყლის ფონდის, მყინვარების, ტბების, ურბანული ტერიტორიების შესახებ და სხვა. მოცემულია საქართველოს მიწის ფონდის სრული სურათი დანიშნულებისა და კატეგორიის მიხედვით“, - განაცხადა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ.
მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა არ არსებობდა მიწის მონაცემთა ერთიანი ბაზა, სახელმწიფო ეყრდნობოდა საჯარო რეესტრის მონაცემებს რეგისტრირებული მიწების შესახებ, სტატისტიკის მონაცემებს, რომლებიც ხშირად ზეპირ გამოკითხვებს ეფუძნებოდა - „ეს მონაცემები გაფანტული და ფრაგმენტული იყო, დღეს მიწის ფონდის ერთიანი ბაზა თავს უყრის სამინისტროს, საჯარო რეესტრისა და სხვა უწყებების, და რაც მთავარია, სააგენტოს მიერ დამუშავებულ მონაცემებს - გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას, რომელიც მუშაობას გაუადვილებს ყველას, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს“ - განაცხადა მიშელაძემ.
მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: https://land.gov.ge/Ge/Services/Database
ასევე, საქართველოს მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის ინტერაქტიული რუკა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალზე:
დღის ტოპ 10 სიახლე
დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართა
სხვა სიახლეები
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
27.03.2026.16:45
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯ „აისის“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პროფესიული განათლებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების პროცესში.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობას. თანამშრომლობა მიმართული იქნება აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში საგანმანათლებლო და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარებაზე, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან ეფექტიან დაკავშირებას, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული უნარების გაძლიერებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პრაქტიკული პროექტების განხორციელება, ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ასევე გამოცდილების გაზიარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომების დანერგვას და მდგრადი განვითარების პრინციპების გაძლიერებას.