საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტში გაარგძელებენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები, MULgrants პროგრამის ფარგლებში, ავსტრიაში, Montanuniversität Leoben-ში გააგრძელებენ სწავლას.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ფაკულტეტის ბაკალავრი მათე ბერიძე, მაგისტრანტები - გიორგი საბიაშვილი და დავით მეკოკიშვილი და დოტორანტი იოვანე ლომსაძე სამთო, ნავთობისა და გაზის ინჟინერიის, ასევე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებით ვროპის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ უნივერსიტეტში ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში ისწავლიან.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, Montanuniversität Leoben-ში სწავლის გაგრძელებით სტუდენტები ჩაერთვებიან საერთაშორისო მოწინავე კვლევებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიძლიერონ პროფესიული კომპეტენციები გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მიმართულებით.
როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში სამთო-სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი გრიგოლ წულუკიძე Montanuniversität Leoben-ის კურსდამთავრებულია.
„დიდმა გრიგოლ წულუკიძემ 1913 წელს სწორედ ეს ცნობილი ავსტრიული უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდგომაც დააფუძნა პოლიტექნიკური ინსტიტუტის - დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - სამთო-ქიმიური ფაკულტეტი და მისი პირველი დეკანი გახდა. სწორედ გრიგოლ წულუკიძის საქმიანობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ სამთო განათლებასა და სამეცნიერო კვლევას. ეს ისტორიული სიმბოლიზმი უდიდესი მოტივატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.
დღეს ჩვენი სტუდენტებისთვის Montanuniversität Leoben-ში სწავლა არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი მობილობაა, არამედ ისტორიული და პროფესიული პასუხისმგებლობაც: ამით ჩვენი ახალგაზრდები აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელსაც ას წელზე მეტი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ამასთან ერთად, საერთაშორისო კვლევებში ჩართულობა, ახალი ტექნოლოგიებისა და კვლევითი მეთოდების ათვისება მათ საშუალებას მისცემს, ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად და სამომავლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქართული სამთო-გეოლოგიის დარგისა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში“, - ამბობს ნოე ხოზრევანიძე.
ფაკულტეტის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ხეცურიანის თქმით, დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავითარებს გრიგოლ წულუკიძისა და მის თანამოაზრეთა სამეცნიერო-აკადემიურ მემკვიდრეობას და ამ მიზნით აძლიერებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პარტნიორობას. როგორც გიორგი ხეცურიანი განმარტავს, აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი MULgrants პროგრამის ფარგლებში სტუ-ის სტუდენტების აკადემიური და კვლევითი მობილობაა, რომელიც ასევე ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ინდუსტრიების, მათ შორის კომპანია RMG-ის მხრიდან.
„ასეთი მიდგომები ქმნის მყარ საფუძველს ინსტიტუციური წინსვლისთვის და უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში. სასიხარულოა, რომ მსგავს კოლაბორაციებს მხარს უჭერენ საქართველოში მოქმედი ინდუსტრიები, რომლებიც მჭიდროდ პარტნიორობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან - მათ შორისაა ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანია RMG-ი. კომპანია დაინტერესებულია უნივერსიტეტთან გრძელვადიანი თანამშრომლობით და ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მოზიდვით, რაც კიდევ უფრო ამყარებს კავშირს განათლებას, მეცნიერებასა და პრაქტიკულ წარმოებას შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფაკულტეტის 4 სტუდენტი, რომლებიც სასწავლო და კვლევით პროცესს ავსტრიულ უნივერსიტეტში გაივლიან, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოში ჩამოიტანენ, რასაც მოახმარენ დარგში არსებული გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის სამთო-სამრეწველო და სამეცნიერო განვითარებას“, - აღნიშნავს გიორგი ხეცურიანი.
სხვა სიახლეები
მინდელის სახელობის ხიდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო
17.02.2026.17:44
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე დაზიანებული მოაჯირებისა და ფრაგმენტების აღდგენას იწყებს.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!