საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალთა სამეცნიერო-აკადემიურ საზოგადოებას და სტუდენტებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ქალთა სამეცნიერო-აკადემიურ საზოგადოებასა და სტუდენტებს მარტის დღესასწაულებს ულოცავს და პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას უსურვებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს - ქალ მეცნიერებს, ინჟინრებს, პედაგოგებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც უდიდესი სიყვარულით, თავდადებით ემსახურებიან ქართულ განათლებას, მეცნიერებას, ინჟინერიას, მომავალი თაობების აღზრდას.
ქალებს უდიდესი როლი აკისრიათ საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფორმირებაში. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ მამოძრავებელი ძალა ყველა სფეროში! თქვენი თავდადება და საქმისადმი ერთგულება შთააგონებს თაობებს და აძლიერებს ერს, ქართულ სახელმწიფოს. თქვენი პროფესიონალიზმი, მრავალმხრივი ნიჭი, სულიერი სიმტკიცე და შეუპოვრობა საფუძველთა საფუძველია წარმატებული ოჯახების და ძლიერი, განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.
განსაკუთრებული პატივისცემით მივმართავ ჩვენს მეცნიერ ქალებს, რომლებიც ახალი იდეების გენერირებისა და საინჟინრო დარგების განვითარებისთვის თავდაუზოგავად მუშაობენ. მათი მოღვაწეობა ხელს უწყობს ჩვენი უნივერსიტეტის ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში. ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტი გოგონებისთვის სწორედ ისინი ხდებიან თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქალმა მეცნიერმა, პედაგოგმა საკუთარი ცოდნა და ნიჭი ქვეყნის განვითარებას მოახმაროს.
მარტის დღესასწაულებს ვულოცავ ჩვენს სტუდენტ გოგონებს, რომლებიც ვაჟებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მომავალი ხართ! თქვენი მოტივაცია, ნიჭიერება და ინოვაციისადმი სწრაფვა საქართველოს მდგრადი განვითარების, უკეთესი სამყაროს ჩამოყალიბების ძლიერ გარანტიებს ქმნის, რადგანქალები, თავიანთი შეუპოვარი სულისკვეთებით, მუდამ მხარს უჭერთ პროგრესსა და განვითარებას.
ჯანმრთელობას და პირად წარმატებას ვუსურვებ ყველა ქალს: ერთი მხრივ - დედას, ქალიშვილს, დას და მეორე მხრივ - მეცნიერს, პედაგოგს, ლიდერს, რომელთა მიღწევები აძლიერებს ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს ქვეყანას. მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის, სიმამაცისთვის, სიყვარულისთვის, რითაც ყოველდღიურად ემსახურებით განათლებას, მეცნიერებას, თქვენს ოჯახებსა და ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
16.04.2026.16:38
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგკურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს თანამედროვე ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროგრამა აერთიანებს საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ელექტროენერგეტიკის რეგულირების შესახებ მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს საქმიანობას ელექტროენერგეტიკის მართვისა და რეგულირების მიმართულებით.
პროგრამა ასევე მოიცავს ევროპული მარეგულირებელი პრაქტიკებისა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის ძირითადი პრინციპების გაცნობას.
ტრენინგებს ჩაატარებენ ენერგეტიკის სექტორის გამოცდილი სპეციალისტები. კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი, ხოლო ტრენინგკურსი 18 მაისს დაიწყება.
კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3OJekiL