საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლვივში Erasmus+ პროექტის, PROMENT-ის დასკვნით ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ Erasmus+ საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორობისა და ტუტორობის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (PROMENT) - დასკვნით ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები - ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ლვივის პოლიტექნიკურ ეროვნულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრასა და გალა კონფერენციას დაესწრნენ.
შეხვედრებზე მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში პროექტის ფარგლებში დანერგილი მენტორობისა და ტუტორობის სისტემის შედეგები. გალა კონფერენციის მიმდინარეობისას, პარტნიორმა მხარეებმა აღნიშნული სქემების პრაქტიკული იმპლემენტაციის შესახებ დაგროვილი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს, საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევები შეაჯამეს და სამომავლო განვითარების ახალი პერსპექტივები დასახეს.
„პროექტის შემაჯამებელი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რადგან მონაწილე უნივერსიტეტებს ოფიციალურად გადაეცათ ხარისხის სერტიფიკატები, რაც საერთაშორისო დონეზე ადასტურებს განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. PROMENT-ის ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს მენტორობისა და ტუტორობის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა სტუდენტთა მხარდაჭერის მდგრად და სისტემურ ინსტიტუციურ მექანიზმად. ცენტრი ინტეგრირებულია უნივერსიტეტის მართვისა და სტუდენტზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, საქმიანობას ახორციელებს დამტკიცებული შიდა რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების შესაბამისად და ეფუძნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას. ცენტრში დაინერგა 12 სხვადასხვა სქემა, ჩატარდა თემატური ტრენინგები და გაძლიერდა როგორც აკადემიური, ისე სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი მოდელები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა მხარდაჭერის, ჩართულობისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას”, - აცხადებს გიორგი მიქიაშვილი.
სხვა სიახლეები
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
20.04.2026.15:09
„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, სრულად განახლდება აქ არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამას გარდა, ლეონიძის ქუჩაზეც გვაქვს შეზღუდვა, რაც ერთი კვირა გაგრძელდება. ამ დროში შეიცვლება ის ძირითადი კომუნიკაციები, რაც საჭიროა.მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, იქნება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, შიდა ეზოების მოწესრიგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, ორი წელი დაჭირდება.
თბილისის მერის თქმით, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, რუსთაველის გამზირზეც მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა და მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„ალბათ, იქნებიან დაინტერესებული კომპანიები და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. რუსთაველის გამზირიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ არსებულ შენობა-ნაგებობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.