საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ - სტარი 2026“ ნახევარფინალი გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში, პოპულარული სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ სტარი 2026“ ნახევარფინალი - „რეტრო ტური“ გაიმართა, რომელშიც ამ ახალგაზრდული ღონისძიების I ტურში გამარჯვებული შვიდი საუკეთესო სტუდენტი-ვოკალისტი მონაწილეობდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო პროექტი „სტუ სტარი“, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სტუ-ის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით იმართება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის - გასული საუკუნის 90-იან წლებში უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერის - გოგა გიორგობიანის ხსოვნას ეძღვნება.
„სტუ სტარი“, რომელმაც მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა სტუდენტთა შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროექტის ავტორია ნათია ივანაშვილი, ხოლო ორგანიზატორი, ავტორთან ერთად - სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. „სტუ სტარი 2026“-ის მუსიკალური ხელმძღვანელია მუსიკოსი ქეთევან ოძელაშვილი, მონაწილეთა შეფასებას ახორციელებს 5-წევრიანი ჟიური, რომლის მეხუთე წევრი თითოეული ტურის მუსიკალური ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით იცვლება.
კონკურსის ნახევარფინალური „რეტრო ტურის“ მონაწილე სტუდენტებმა - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიდან ნინი იმნაძემ, არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან ნინი ჯაფარიძემ და თემუკა ცინცაძემ, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან რუსა მელიქიძემ და მარიამ ნარიმანიძემ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ნურანა შიუკაშვილმა და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან იკაკო ალექსიძემ, ცოცხალი ბენდის თანხლებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვოკალურ-საშემსრულებლო მემკვიდრეობა გააცოცხლეს და მაყურებლის წინაშე გასული საუკუნის 50-70-იანი წლების იმ ქართული და უცხოური ჰიტებით წარდგნენ, რომლებსაც წარმატებით ასრულებდნენ იმ დროის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები - ცნობილი ქართველი საესტრადო მომღერლები.
როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია აღნიშნავს, კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარის“ ფინალურ ტურში მონაწილეობას შვიდიდან მხოლოდ ხუთი საუკეთესო შემსრულებელი მიიღებს.
„წლევანდელი „სტუ სტარი“ გამორჩეულად საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, რადგან კონკურსში მონაწილე სტუდენტები მართლაც რომ გამოირჩევიან თავიანთი ვოკალური მონაცემებით, ნიჭიერებითა და საშემსრულებლო მანერით. მონაწილეებს მთელი უნივერსიტეტი გულშემატკივრობს - ამ მიზნით ქომაგთა ორგანიზებული ჯგუფებია შექმნილი. მათ კარგად იციან, რომ ნებისმიერი კონკურსი შეჯიბრობითობის პრინციპს ემყარება, მიუხედავად ამისა, ძალიან გვწყდება გული, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით ნახევარფინალური ტურის შემდეგ კონკურსს ორი შემსრულებელი გამოეთიშა. ასე რომ, მოუთმენლად ველით ფინალურ ტურს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები: თემუკა ცინცაძე, რუსა მელიქიძე, მარიამ ნარიმანიძე, ნინი იმნაძე და იკაკო ალექსიძე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს“, - ამბობს ლევან ფიფია.
საუნივერსიტეტო ახალგაზრდული პროექტის ავტორის - ნათია ივანაშვილის თქმით, „სტუ სტარი“ კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის, ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენისა და მათი მხარდაჭერა-პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება.
„შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ სტარი“ ერთ-ერთ პოპულარულ სტუდენტურ პროექტად იქცა. კონკურსი ახალგაზრდებს შესაძლებლობას უქმნის თავიანთი ნიჭი ფართო აუდიტორიას გააცნონ, სცენაზე გამოსვლის გამოცდილება მიიღონ და საშემსრულებლო უნარების გასავითარებლად პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგან. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ნიჭიერი სტუდენტი ერთვება, ხოლო საუნივერსიტეტო კონკურსი ნამდვილი შემოქმედებითი პლატფორმა ხდება, სადაც მუსიკა, ემოცია და ახალგაზრდული ენერგია ერთიანდება. დარწმუნებული ვართ, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, „სტუ სტარი“ მომავალშიც დარჩება იმ სივრცედ, რომელიც ახალგაზრდებს თავიანთი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს, რაც მათ სტუდენტურ ცხოვრებას გაცილებით მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის“, - აღნიშნავს ნათია ივანაშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 მარტს, „სტუ სტარის“ ფინალურ ღონისძიებაზე ჟიური კონკურსის გამარჯვებულ ორ სტუდენტს - 2026 წლის „სტუ სტარს“ და II საპრიზო ადგილზე გასულ შემსრულებელს გამოავლენს. რაც შეეხება „სტუ სტარის“ გალა კონცერტს, მასში მონაწილეობას ყველა კონკურსანტი მიიღებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა
09.03.2026.17:41
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციისთვის დიდი პატივია, რომ 8 მარტის აღნიშვნა მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვით შევძელით. ჩვენი საქველმოქმედო აქცია, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით და მხარდაჭერით რამდენიმე წელია ტარდება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის იმ ღვაწლმოსილი მეცნიერი ქალბატონების მონახულებას, რომლებიც უკვე 90 წელს გადაცილებულნი არიან და რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური ტრადიციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეს ქალბატონები არიან არა მხოლოდ პროფესიონალიზმის მაგალითი, არამედ თაობათა შორის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის ცოცხალი სიმბოლო. მათი მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა ათეულების განმავლობაში ქმნიდა იმ ინტელექტუალურ გარემოს, რომელსაც დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ეფუძნება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ სარვამარტო ღონისძიებაზე განაცხადა.

სტუ-ის ინფორმაციით, ქალთა ასოციაციის ინიციატივით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩართულობით, სარვამარტო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალებს საჩუქრები გადაეცათ.
როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერისა და დაფასებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარებაში. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, უნივერსიტეტი დიდი აკადემიური ოჯახია, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა, პატივისცემა და ტრადიციების შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„განსაკუთრებით ღირებულია ტრადიცია, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს - ვაფასებდეთ და ყურადღებას ვაქცევდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურნენ მეცნიერებასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია სწორედ ასეთი ღირებულებების გამოხატულებაა. განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი იყო იმ ღვაწლმოსილი მეცნიერ ქალბატონების მონახულება, რომლებიც უკვე 90 წელს გადაცილებულნი არიან და რომელთა პროფესიული ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული უნივერსიტეტის განვითარებასთან. ეს ადამიანები არიან ჩვენი აკადემიური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ მიერ შექმნილი სამეცნიერო და პედაგოგიური მემკვიდრეობა დღემდე ახდენს გავლენას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოზე. სწორედ მათი შრომის, ცოდნისა და ერთგულების შედეგად ჩამოყალიბდა ის ძლიერი აკადემიური საძირკველი, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი ეფუძნება“, - აცხადებს დეკანი.
სტუ-ის აგრარულ მეცნიერებათა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ჰუმანურ ღირებულებებს, კოლეგიალურ ურთიერთობებსა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უნივერსიტეტს აკისრია ღვაწლმოსილი მეცნიერების მიმართ.
„აზა დანელია, ნანული თევზაძე, ლენა კალანდაძე, ნელი მაისურაძე, ელმირა ჩხიკვაძე, მერი ციციშვილი, ნელი ჭიჭინაძე, ელისაბედ ხუხუნაიშვილი, ირა ჩხეიძე - ეს ადამიანები ჩვენი აკადემიური ტრადიციების მატარებლები არიან. მათი მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა მნიშვნელოვანი საფუძველია იმ წარმატებებისა, რასაც დღეს ჩვენი უნივერსიტეტი აღწევს. მათი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მეცნიერებისადმი ერთგულება მომავალ თაობებს განსაკუთრებულ მაგალითს აძლევს. მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვის საშუალებაა, არამედ გვახსენებს აკადემიური საზოგადოების ერთიანობისა და თაობებს შორის უწყვეტი კავშირის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ღირებულებებს, რომელზეც ჩვენი უნივერსიტეტი დგას - აკადემიურობას, ურთიერთპატივისცემას, კოლეგიალობას და მეცნიერებისადმი ერთგულებას“, - აცხადებს ლიანა თარგამაძე.