საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსი - „სტუ სტარი 2026“ სტარტი აიღო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოპულარულმა სტუდენტურმა მუსიკალურმა კონკურსმა - „სტუ სტარი 2026“ სტარტი აიღო. ახალგაზრდული ღონისძიების I ტურში - „მიქსი“, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა, შესარჩევ ტურში გამოვლენილი ცხრა საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი მონაწილეობდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო პროექტი „სტუ სტარი“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, გასული საუკუნის 90-იან წლებში უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერის, გოგა გიორგობიანის ხსოვნას ეძღვნება, კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის, ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენის და მათი მხარდაჭერა-პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება.
„სტუ სტარი“, რომელმაც მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა სტუდენტთა შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროექტის ავტორია ნათია ივანაშვილი, ხოლო ორგანიზატორი ავტორთან ერთად - სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. „სტუ სტარი 2026“-ის მუსიკალური ხელმძღვანელია მუსიკოსი ქეთევან ოძელაშვილი, მონაწილეთა შეფასებას ახორციელებს 5-წევრიანი ჟიური, რომლის მეხუთე წევრი თითოეული ტურის მუსიკალური ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით იცვლება.
ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში „სტუ სტარის“ მონაწილე სტუდენტებს მიესალმა და წარმატება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ისეთი ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც უნივერსიტეტის მდიდარ შემოქმედებით და კულტურულ ტრადიციებს აგრძელებს.
„სიხარულითა და სიყვარულით მივესალმებით ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს - კონკურსის მონაწილეებს, რომელთა მონდომებით, შრომით, ნიჭიერებითა და მუსიკისადმი სიყვარულით წლევანდელი „სტუ სტარი“ დაუვიწყარი გახდება სტუდენტებისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. მადლობას ვუხდი კონკურსის ავტორს, ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს, რომელთა ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, „სტუ სტარი 2026“ წარმატებით განხორციელება. მადლობა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს ვატო ბააკაშვილს, მოწვეულ სტუმრებს, ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც მზად არიან კონკურსის სამივე ტურზე დაუღალავად უგულშემატკივრონ ფავორიტ შემსრულებლებს.
ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება და ყოველთვის ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რასაც სტუდენტობის პერიოდში მათ თავიანთი ალმა-მატერი სთავაზობს. დარწმუნებული ვარ, წლევანდელი „სტუ სტარი“ არაერთ ნიჭიერ სტუდენტს გამოავლენს და გაუხსნის გზას.
ეს კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული და შემოქმედებითი ტრადიციების პატივისცემით იმართება და არ არის შემთხვევითი, რომ პროექტიც ჩვენი უნივერსიტეტის 90-იანი წლების ახალგაზრდობის ლიდერისა და კურსდამთავრებულის, ახალგაზრდული იდეებითა თუ პროექტებით გამორჩეული და მშობლიურ უნივერსიტეტზე უზომოდ მზრუნველი ადამიანის - გოგა გიორგობიანის ხსოვნას ეძღვნება - ნიშნად უსასრულო კავშირისა წარსულსა და აწმყოს შორის და სწრაფვისა საუკეთესო მომავლისკენ. კონკურსი ხელს უწყობს სტუდენტებში კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, ავითარებს გუნდურობის პრინციპებს. სწორედ მსგავსი პროექტებით იბადებიან სცენის ახალი ვარსკვლავები, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ საინჟინრო თუ ჰუმანიტარულ დარგებში ხდებიან ლიდერები, არამედ სხვა განსაკუთრებული ნიჭით, მათ შორის შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩევიან“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
კონკურსის I ტურის დაწყებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, გოგა გიორგობიანის ხსოვნის პატივსაცემად, მისმა მემორიალურმა ფოტომ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა, პედაგოგთა და სახელოვან კურსდამთავრებულთა გალერეაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. ცერემონიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გოგა გიორგობიანი ოჯახის წევრები და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.

კონკურსის I ტურის მონაწილე სტუდენტები - სამშენებლო ფაკულტეტიდან რეზო ჭიპაშვილი, არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან ნინი ჯაფარიძე და თემუკა ცინცაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან თაკო ტარუღიშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან რუსა მელიქიძე, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტიდან ნურანა შიუკაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან მარიამ ნარიმანიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიდან ნინი იმნაძე და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან იკაკო ალექსიძე - მაყურებლის წინაშე ცოცხალი ბენდის თანხლებით, ქართული და უცხოური ჰიტებით წარსდგნენ და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარის“ II ტურში, თემით „კინომუსიკა“, რომელიც მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართება, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე ცნობილი კინომელოდიების ინტერპრეტაციებით მხოლოდ შვიდი საუკეთესო შემსრულებელი წარსდგება.

სტუ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 მარტს, „სტუ სტარის“ ფინალურ ღონისძიებაში 5 ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას. ჟიური კონკურსის გამარჯვებულ ორ სტუდენტს - 2026 წლის „სტუ სტარს“ და II საპრიზო ადგილზე გასულ შემსრულებელს გამოავლენს; რაც შეეხება „სტუ სტარის“ გალა კონცერტს, მასში მონაწილეობას ყველა კონკურსანტი მიიღებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ახალ, მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი
27.01.2026.18:38
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონიდან პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დეტექტორების კვლევებისა და განვითარების ახალი კოლაბორაციის (DRD1) წევრი გახდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის აღნიშნული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტსა და CERN-ს შორის DRD1 (Detector Research and Development 1) კოლაბორაციის თაობაზე ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით იქნა გამყარებული.
დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის სამეცნიერო კვლევებისა და კომპიუტინგის დირექტორმა, პროფესორმა გოტიე დე მონშენომ (Gautier Hamel de Monchenault) მოაწერეს ხელი.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მეცნიერთა ჯგუფი წარმატებით ახორციელებენ ურთულეს ამოცანებს CERN-ის წამყვან ექსპერიმენტებში, როგორიცაა: CMS, ATLAS და SHIP. ექსპერიმენტების მოთხოვნების შესაბამისად, დეტექტორების ტექნოლოგიების დახვეწა, მათი პარამეტრების გაუმჯობესება და განვითარება-განახლება მუდმივად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 2023 წლის 6 დეკემბერს CERN-ის კვლევითმა საბჭომ დეტექტორების კვლევებისა და განვითარების კოლაბორაცია დაამტკიცა.
ახალი DRD1 კოლაბორაციის თაობაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას ქვეყნის სამეცნიერო სივრცეში მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორი განმარტავს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ახალი DRD1 კოლაბორაცია გაზის დეტექტორების, კალორიმეტრებისა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიების გაუმჯობესება-განვითარებას ითვალისწინებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ახალ DRD1 კოლაბორაციაში ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქართული სამეცნიერო სკოლა, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკოსთა და ინჟინერთა გუნდი, სრულად შეესაბამება თანამედროვე ფუნდამენტური კვლევების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქტიურად მონაწილეობს გლობალური მნიშვნელობის სამეცნიერო პროცესებში.
ახალი DRD1 კოლაბორაცია ითვალისწინებს გაზის დეტექტორების, კალორიმეტრებისა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიების გაუმჯობესება-განვითარებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ექსპერიმენტებისთვის როგორც ამაჩქარებელზე, ისე არაამაჩქარებელზე დაფუძნებულ ნაწილაკთა ფიზიკაში. საუბარია ფართო სპექტრის კვლევებზე - ბირთვული და ნეიტრინოს ფიზიკიდან, ბნელი მატერიისა და იშვიათი დაშლების შესწავლიდან დაწყებული, სამედიცინო, სამრეწველო და სამოქალაქო უსაფრთხოების პრაქტიკულ გამოყენებამდე.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონიდან პირველია, რომელიც აღნიშნულ კოლაბორაციაში გაერთიანდა. CERN-ის სამეცნიერო კვლევებისა და კომპიუტინგის დირექტორთან, პროფესორ გოტიე დე მონშენოსთან ერთად ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი კი გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩავერთოთ დეტექტორების კვლევისა და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირებაში. ახალ DRD1 კოლაბორაციაში მონაწილეობა არა მხოლოდ აძლიერებს უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში მაღალტექნოლოგიური კვლევების, ინოვაციური ინჟინერიისა და თანამედროვე ფიზიკის განვითარებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესს ემსახურება“, - აცხადებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, CERN / DRD1-ის ახალი კოლაბორაციული სტრუქტურა ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას დეტექტორების კვლევისა და განვითარების საგზაო რუკის დოკუმენტით განსაზღვრული საერთო მიზნების მისაღწევად; ისეთი საერთო ინსტრუმენტების შემუშავებას, როგორიცაა მათ შორის დეტექტორის ფიზიკის სიმულაციის პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონიკა და ა.შ.; განათლებასა და ტრენინგში მხარდაჭერას - სხვადასხვა ტექნოლოგიებს, კვლევით თემებსა და სამეცნიერო დისციპლინებს შორის ურთიერკავშირების გაძლიერებას; დეტექტორის ტექნოლოგიებში ახალგაზრდა მკვლევრების ხილვადობისა და პერსპექტივების ხელშეწყობას; CERN-ში დაფუძნებულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე (სახელოსნოები, ლაბორატორიები) წვდომის გაუმჯობესებას დეტექტორების განვითარების მიზნით.