საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო ღონისძიება გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გაიხსნა, რომელზეც ამჯერად ქვეყნის ერთ-ერთი მთიანი რეგიონის - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გეოლოგიური თავისებურებების, მიწისქვეშა წყლების, გეოტურიზმისა და ტრადიციების შესახებ იმსჯელებენ და აღნიშნულ საკითხებზე თემატურ განხილვებს გამართავენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ღონისძიების - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აღორძინება, მთის მდგრადი განვითარების საფუძველი“ - მუშაობაში ჩართულნი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის, გეოლოგიის დეპარტამენტის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სამთო-გეოლოგიის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, სტუდენტები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს და მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, დარგში მოქმედი კომპანიების - არემჯის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ფახრალოს ტუფის“ და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სრწმუნებულის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში გეოლოგიის სახელმწიფო სამსახური 185 წელს ითვლის და შედეგად, საქართველოს ტერიტორია კარგად არის შესწავლილი - დაძიებულია ლითონური და არალითონური სასარგებლო წიაღისეული, მიწისქვეშა, მინერალური და თერმული წყლები, შედგენილია სხვადასხვა დანიშნულების და სხვადასხვა მასშტაბის გეოლოგიური რუკები, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და კურსდამთავრებულებსაც მიუძღვით. ზურაბ გუდავაძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა სამხარეო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგში მოქმედ კომპანიებთან.

„ქვეყნის წინაშე მდგარი გარემოსდაცვითი და გეოლოგიური გამოწვევების დაძლევას სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-გეოლოგები, რომელთა მომზადებას ას წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებში, ასევე კერძო სექტორში, მათ შორის - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში და სხვა მნიშვნელოვან სტრუქტურებში.
მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის მჭიდრო თანამშრომლობა. სწორედ ასეთი სინერგია უზრუნველყოფს დარგის მდგრად განვითარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო-გამოყენებითი გეოლოგიის მიმართულებით ახალი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღსაზრდელად, თეორიულ ცოდნასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ გამოცდილებას - საწარმოო პრაქტიკას რეალურ გარემოში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ტრენინგებსა და ვორქშოფებს. უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში ყოველწლიურად ხორციელდება როგორც სახელშეკრულებო, ისე საგრანტო პროექტები, რომლებიც ხშირად მოიცავს ინტერდისციპლინურ კვლევებს. ეს კვლევები ითვალისწინებს არა მხოლოდ დარგში მოქმედ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობას, არამედ პარტნიორობას კულტურის სამინისტროსთან, ეროვნულ და რეგიონულ მუზეუმებთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეული შესწავლისა და მათი დაცვისთვის.
ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტები, რაც მათ პროფესიული უნარების განვითარებასა და რეალურ სამუშაო გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას, რომლებიც ღირსეულად უპასუხებენ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს“, - აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.
როგორც ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წელია ინჟინერ-გეოლოგებზე საქართველოში მოთხოვნა მზარდია, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების გააქტიურებასთან, სამშენებლო სექტორის გაფართოებასთან, ენერგეტიკული და ჰიდროტექნიკური პროექტების განხორციელებასთან, ასევე ბუნებრივი რისკების მართვისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის ზრდასთან.
„ბოლო ხუთი წელია გეოლოგის სპეციალობაზე დაინტერესება ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. შესაბამის პროგრამებზე ერთ ადგილზე 1-3 არჩევანით დაახლოებით 6-7 აბიტურიენტი მოდის, რაც ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები ხედავენ ამ პროფესიის პერსპექტივას და მნიშვნელობას. ამ მიმართულებით ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის როგორც კერძო სექტორს, განსაკუთრებით კომპანია „არემჯის“, ისე სახელმწიფო უწყებებს. „არემჯის“ მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა თანამედროვე ლაბორატორიები, სასწავლო სივრცეები და კვლევითი ცენტრები, აღიჭურვა ისინი უახლესი ტექნოლოგიური აპარატურით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს. მეორე მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გაფართოება და მათი ფუნქციური დატვირთვის ზრდა კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას კვალიფიციურ სპეციალისტებზე - ჰიდროგეოლოგებზე, ინჟინერ-გეოლოგებზე, სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების ექსპერტებზე. ეს ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გეოლოგია, როგორც დარგი, და ინჟინერ-გეოლოგის პროფესია თანდათან იბრუნებს იმ პრესტიჟს, რაც მას ისტორიულად გააჩნდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, ძლიერი აკადემიური პერსონალითა და თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურით, მზად არის მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები საინჟინრო გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების, გამოყენებითი მინერალოგიისა და გეოქიმიის მიმართულებებით როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. ჩვენი მიზანია ისეთი პროფესიონალების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად მართვაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.
გეოლოგის რთული პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გეოლოგიურ თავისებურებებზე, მინე¬რალური, თერმული და მტკნარი წყლების საბადოებზე, სასარგებლო წიაღისეულსა და მადანგამოვლინებებზე, მინერალური ნედლეულის მოპოვებისა და გამოყენების სწრაფი ტემპით გამოწვეულ ეკოლოგიურ დისბალანსზე და ამ მიმართულებით გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაზე ყურადღება გაამახვილეს სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ, სტუ-ის მკვლევრებმა - ასისტენტ-პროფესორმა ნანა ქიტიაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა შორენა კუპრეიშვილმა, თსუ-ის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ წუწუნავამ, ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა არჩილ მაღალაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინე კობახიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ გაფრინდაშვილი, კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მინერალოგიისა და გემოლოგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება.
ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლეები. გაიმართება ახალგაზრდული ფორუმის საუკეთესო თემათური ესეების: „რაჭა - მოთხრობა, რომელიც არასოდეს მთავრდება“ და „რაჭა 10 წლის შემდეგ“, ასევე, სტუდენტური თემატური პოსტერების სესიის - „გეოლოგია, გარემო და საზოგადოება“ გამარჯვებულთა გამოვლენა-დაჯილდოება. ამასთან ერთად, მეცნიერ-მკვლევრები სტუმრებსა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესთავაზებენ თემატურ ტურს - „ქვა გვიყვება ისტორიას“, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის უნიკალურ მუზეუმებსა და იქ განთავსებულ რარიტეტულ ექსპონატებს გააცნობენ.
ცნობისათვის, საქართველოში გეოლოგის საერთაშორისო დღეს 1965 წლიდან აღნიშნავენ, თუმცა ქვეყანაში გეოლოგიის სახელმწიფო სამსახური 180 წელზე მეტს ითვლის, ხოლო სისტემური კვლევები დარგში 1941 წლიდან იწყება.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაიხარჯე - შეივსე - პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
სხვა სიახლეები
ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა
06.04.2026.18:56
ვაკის რაიონში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით,კომბინირებული სივრცე და სპორტული მოედანი 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.
„ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი მოედანი, საქანელა სკამები, მოეწყობა ფიტნეს ზონა. სპორტული მოედნის მიმდებარედ, განთავსდება გულშემატკივართა პატარა ტრიბუნა. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.