საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება - ვახტანგ ცინცაძე
„ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მაჩვენებელი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. ევროკომისია ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქვეყნებს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება. ასევე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ 2025 წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.4%-ია, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7.3%-ს შეადგენს. მისი თქმით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებში გაგრძელდება და 2025-2027 წლებში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 5.9%-ით, კანდიდატი ქვეყნების 3.4 პროცენტით, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება.
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაა"- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
18.11.2025.11:52
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.
„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.
სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“