საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი, მათი განეიტრალების შემდეგ, წლების განმავლობაში, ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას, რის შემდეგაც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის - ტროტილი. ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 331-ე პრიმა, 344-ე, 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ ბაზელში BIS-ის გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
12.11.2025.13:00
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიაში, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI) 35-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ყოველწლიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა ენდრიუ ბეილიმ, ავსტრალიის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა მიშელ ბალოკმა, ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტმა ოლაფ სლეიპენმა, კორეის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჩანგ იონგმა და მსოფლიოს სხვა ცენტრალური ბანკის მმართველებმა, ასევე საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალურმა მენეჯერმა, საფრანგეთის ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ასევე გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI) -ის ყოფილმა თავმჯდომარეებმა.
ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. დისკუსიების ფარგლებში ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.
ნათია თურნავას თქმით, სიმპოზიუმის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცა მოესმინა საერთაშორისო კოლეგების გამოცდილება საგადახდო სისტემებთან დაკავშირებით, ასევე თავის მხრივ, გაეზიარა მათთვის სებ-ის მიდგომები საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენასთან დაკავშირებით.
CPMI - გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურების კომიტეტი მოქმედებს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ფარგლებში და აკვირდება ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს გლობალური ფინანსური სისტემის გამყარების მიზნით. ის არის მთავარი უწყება, რომელიც აწესებს გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც ხელს უწყობს გადახდის, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
CPMI მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში და საერთაშორისო გადახდების სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფაში.