საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია - Norwegian Air Sweden შემოდის
2026 წლის ივნისიდან, თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი - კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი - Norwegian Air Sweden შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო, 15 აგვისტოდან - ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
კოპენჰაგენი - თბილისი - კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებას მისცემს კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებისკენ.
სხვა სიახლეები
თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დასაქმების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
27.03.2026.15:55
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის საკრებულოსთან არსებულ ეთნიკური უმცირესობის საკოორდინაციო საბჭოს შორის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ, გახსნეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს.
„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბჭოს წევრებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ არსებული პროგრამების შესახებ და შემდგომ საკუთარ თემებში გაავრცელონ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმების გაზრდას, სერვისების ხელმისაწვდომობას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც ეთნიკური თემის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობის, მათი სერვისების და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.