საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ანაგი ქონსთრაქშენის" მიერ შპს „აი-სი-ი"-ის 50 %-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ანაგი ქონსთრაქშენის" მიერ შპს „აი-სი-ი"-ის 50 %-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
შპს „აი-სი-ი"-ის საქმიანობის სფეროს ლიფტებისა და გათბობა-გაგრილების დანადგარების მიწოდება-მონტაჟი წარმოადგენს.
ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ 2025 წელს ლიფტების იმპორტის ბაზარზე 251 ეკონომიკური აგენტი ოპერირებდა და ბაზრის საერთო მოცულობამ 84 616 166.3 ლარი შეადგინა, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი 475.5 ერთეულს გაუტოლდა. რაც შეეხება გათბობა-გაგრილების დანადგარ-მოწყობილობებისა და მათთან დაკავშირებული აქსესუარების იმპორტს, 2025 წელს ბაზარზე 264 ეკონომიკური აგენტი მოქმედებდა, ბაზრის მოცულობამ - 199 145 493.6 ლარი შეადგინა, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი 1134.1 ერთეულს გაუტოლდა.
შესაბამისად, როგორც ლიფტების, ასევე გათბობა-გაგრილების დანადგარ-მოწყობილობების ბაზარი იმპორტის დონეზე დაბალკონცენტრირებულია. სამიზნე კომპანიის საბაზრო წილი ორივე შემთხვევაში მცირეა. ამასთან, გათბობა-გაგრილების დანადგარ-მოწყობილობების ბაზარზე უმნიშვნელოა ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI), ხოლო ლიფტების ბაზრის იმპორტის დონეზე კონცენტრაციის ინდექსი არ შეიცვლება.
GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
16.04.2026.16:38
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგკურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს თანამედროვე ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროგრამა აერთიანებს საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ელექტროენერგეტიკის რეგულირების შესახებ მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს საქმიანობას ელექტროენერგეტიკის მართვისა და რეგულირების მიმართულებით.
პროგრამა ასევე მოიცავს ევროპული მარეგულირებელი პრაქტიკებისა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის ძირითადი პრინციპების გაცნობას.
ტრენინგებს ჩაატარებენ ენერგეტიკის სექტორის გამოცდილი სპეციალისტები. კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი, ხოლო ტრენინგკურსი 18 მაისს დაიწყება.
კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3OJekiL