საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, მომხმარებლის უფლებების დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები.
„მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე საქართველომ შეძლო მშვიდობის, ბიზნესის განვითარებისთვის, ინვესტირებისთვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება, მსხვილი ინფრასტრუქტურული/საინვესტიციო პროექტების შეუფერხებლად გაგრძელება და ახლის დაანონსება, ექსპორტის და ტურისტული ნაკადების გაზრდა. ეს პროცესი ყველაზე მეტად კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების ნაწილზე კონცენტრაციების - იგივე ბიზნესის გამსხვილების კუთხით აისახა. 2024 წელს, GCCA-ს მიერ 18 თანხმობა იქნა გაცემული. მათ შორის, 2 სპეციალური ვალდებულებებით. ეს თითქმის კონცენტრაციების იგივე რაოდენობაა, რაც 2020-2023 წელს ერთად აღებული. მიზეზი ორია - ეფექტური მონიტორინგი და საქართველოში ბიზნეს სექტორის დინამიური განვითარება. ყველაზე მეტი გამსხვილება FMCG, მშენებლობა/სამშენებლო მასალების და წარმოების სექტორში განხორციელდა.
მოკვლევების კუთხით 2 ქეისი დასრულდა. მათ შორის, ერთში იქნა დადგენილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და მეორეში გაიცა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ონლაინ სერვისების ბაზარზე კონკურენციული გარემოს გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე რეჟიმში რჩება ფარმაცევტული, ავტოსადგომების, თევზის და ონლაინ სერვისების ბაზარზე 4 მოკვლევა. ვფიქრობ, 2025 წელს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იქნება გაცემული.
დასრულდა აგროპროდუქტების - თხილის და ლურჯი მოცვის საექსპორტო ბაზრების მონიტორინგი. GCCA-ს შეფასებით ბაზრები დინამიურია, საკმარისი რაოდენობის ექსპორტიორი კომპანია ოპერირებს და კონკურენციაც აქტიურია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გრძელდება - FMCG, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრების მონიტორინგი. ამ ბაზრების დინამიური განვითარების და შედარებით მაღალი კონცენტრირების ფონზე შეფასებები და გამოწვევებიდან გამომდინარე რეკომენდაციები მნიშვნელოვანია. შესაბამისად, GCCA-ი ამ კუთხით პროაქტიულ ქმედებას გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ეფექტურ ჩარევას.
ვფიქრობ, ეფექტური იყო GCCA-ის მოქმედება დემპინგური იმპორტის თემაზე, სადაც კონკრეტულ სექტორში ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის, მათი სამართლიანი მოთხოვნით იმპორტიორებმა უზრუნველყვეს კონკურენტული ფასების ფორმირება, შესაბამისად, შესწავლა მორიგებით დასრულდა. დაწყებული იქნა რუსეთიდან და ირანიდან ფოლადის პროდუქციის შესაძლო იმპორტის საქმე, რომელიც მიმდინარეობს და რეკომენდაციები, დიდი ალბათობით, 2025 წელს გახდება ცნობილი.
მომხმარებლების დაცვის კუთხით მომართვიანობა თითქმის გაორმაგებულია, რაც მომხმარებლების უფრო მეტ ინფორმირებულობაზე მიუთითებს. უმრავლესობა პრეტენზია ონლაინ ვაჭრობის დროს ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვაზე მოდის, შემდეგ მოდის გადაზიდვების/მიტანის და სარესტორნო სერვისების მიმართულებები. GCCA-ს მიერ მიღებული იქნა 10 სამოქმედო სტანდარტი. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლების დაცვის კუთხით არის - ფასდაკლებების, დეტალური ინფორმირების, კვების მენიუში ფასის მითითების, ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების საკითხები. მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულების დაწყებიდან 2 წლისთავზე, მსოფლიო ბანკის (World Bank Group) მიერ, GCCA-ს ერთ-ერთი ქეისი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული 40 ქვეყანას შორის და შესაბამისი პრიზიც იქნა მოპოვებული, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიღწევაა და საამაყოა" - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
GCCA-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2014-2024 წლებში, 57 მოკვლევის პროცესი დასრულდა და 102 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გაიცა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმების მოცულობამ ჯამში შეადგინა - 116 225 003.55 ლარი. დასრულდა 15 ბაზრის მონიტორინგი. თანხმობა გაიცა 50 კონცენტრაციებზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022-2024 წლებში, სულ შემოვიდა - 1468 განაცხადი, დადასტურდა - მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 158 დარღვევის ფაქტი (282 საქმე), ხოლო პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ფორმატში გაფორმდა - 261 შეთანხმება (354 საქმე). ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით, 2021-2024, დასრულდა 2 საქმის შესწავლა და 3 სექტორული მონიტორინგი.
წლიური ანგარიში ვრცლად: https://gcca.gov.ge/uploads_script/news/tmp/phpUTf7iv.pdf
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ტალალ ალჰუმუდთან შეხვედრა გამართა.
ნინო ჯელაძემ, კოლეგას საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საფინანსო სექტორის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა, საუბარი შეეხო საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალს, რაც ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.
მხარეებმა მიმოიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება საზედამხედველო რეფორმების, საგადახდო სისტემების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე.
ტალალ ალჰუმუდმა თავის მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემდგომი პარტნიორობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.
საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტისა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.