საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება
საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის პარტნიორობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ფინანსური სისტემის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში უნაღდო (ელექტრონული) გადახდების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი ასევე მიზნად ისახავს საგადახდო სისტემების განვითარებასა და ელექტრონული გადახდების სფეროში მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას, რომელიც ორიენტირებულია საკანონმდებლო და ინფრასტრუქტურული ბარიერების იდენტიფიცირებაზე, საგადახდო სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისებასა და მომხმარებელთა ქცევის შესწავლაზე.
შეთანხმების ფარგლებში, სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის (Bank of Korea) და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute - KFTC) ორგანიზებით, ქალაქ სეულში შედგა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების გუნდის ვიზიტი, რომელსაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა. სებ-ის დელეგაციაში იმყოფებოდნენ საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე, ასევე დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს გაუზიარეს კორეის გამოცდილება ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით, მათ შორის, საგადახდო სისტემების სრულყოფის, ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვისა და რეგულირების თანამედროვე პრაქტიკის მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა „Korean Exchange“-ისა და „Korean Credit Information Services“-ის წარმომადგენლებთან.
„კორეის ცენტრალურ ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ მოწინავე გამოცდილებას და შევაფასოთ, როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიებისა და რეგულირების თანამედროვე მიდგომები საქართველოს ფინანსურ ეკოსისტემას მოვარგოთ. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ მომხმარებელთა ნდობა და ჩართულობა ელექტრონულ გადახდებში, რაც აუცილებელია ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ.
პროექტის მომდევნო ეტაპზე განხორციელდება დეტალური ანალიზი, მათ შორის, მოხდება ტექნოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების განხილვა. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებას, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
სხვა სიახლეები
ყველა ის განცხადება, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის და Eagle Hill-ის მასშტაბური ინვესტიციის დისკრედიტაციას, არაეროვნული საქმეა - მარიამ ქვრივიშვილი
05.11.2025.12:33
„საქართველოში „იგლ ჰილს"-ის პროექტებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიას, ტყუილებით სავსეს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ბრძენია, ის ძალიან კარგად ასხვავებს კეთილ და კარგ საქმეს ცუდი საქმისგან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე გაკეთებული განცხადებების პასუხად.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანამ შეძლო და ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალი, 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, ცალსახად მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, პირველ რიგში, პროექტის განმავლობაში გონიოსა და დედაქალაქში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება - უმთავრესად საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.
„შეიქმნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის, იქნება ახალი შესაძლებლობები ქართული დეველოპერული და ტურისტული სექტორებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ის ფაშისტური განცხადება, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის და მასშტაბური ინვესტიციის დისკრედიტაციას, არაეროვნული საქმეა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.