საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია რეგიონში ყოველთვის იყო დარგის ჰაბი - ირაკლი ყანდაშვილი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია რეგიონში ყოველთვის იყო დარგის ჰაბი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს პარტნიორობის გაფართოება როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ დონეზე, მათ შორის აზერბაიჯანთან და სომხეთთან გაფორმებული მემორანდუმებითა და საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმებში მონაწილეობით, რაც ირაკლი ყანდაშვილის თქმით, პროფესიის განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.
„ეს ნიშა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი არ არის. ამ მიმართულებით მე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, მათ შორის რეგიონული კუთხით. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა და შეხვედრა პროფესიული გაერთიანების პირველ პირთან, სადაც თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. შაბათ-კვირას სომხეთის პროფესიული გაერთიანების პირველ პირთან, ერევანში, თანამშრომლობის მემორანდუმს ვაწერთ ხელს. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში - თურქეთი უდიდესი მეზობელია, სტრატეგიული პარტნიორი და, მათ შორის, საადვოკატო მიმართულებით ძალიან დიდ როლს თამაშობს რეგიონში. ასევე, პირველი გასვლითი ვიზიტი ევროპაში გვქონდა - ვენაში გაიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეების შეხვედრა, სადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყოველთვის დაფასებული და მიღებული წევრია. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩვენს სწორ ჩართულობას იმ ევროპული ღირებულებების მიმართულებით, რომლებიც, მათ შორის, ადვოკატის პროფესიაშიც არის დანერგილი და ყოველდღიურად ხორციელდება საქართველოში. ეს არის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურად უკვე რეალიზდება და ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ.
და კიდევ ერთი ნიუანსი: საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების დახვეწა და შექმნა, რაც ადვოკატის, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გასაუმჯობესებლად იქნება გადადგმული, ასევე საგადასახადო სტანდარტების სწორად რეგულირება ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით - ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვფიქრობთ და ვმუშაობთ“, - განმარტა ირაკლი ყანდაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ხელახლა დავაინიცირეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა „ბენჩ-ბარი“ - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
სხვა სიახლეები
მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის გამოიყენონ, რათა მან მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას - ირაკლი ყანდაშვილი
22.04.2026.21:08
ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირება და ადვოკატის როლის სწორად წარმოჩენა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა, ადვოკატის მომსახურება მხოლოდ კრიზისულ ან სამართლებრივ ჩიხურ სიტუაციებში არ არის საჭირო და მისი ჩართულობა მნიშვნელოვნად წინასწარ, პრევენციულ ეტაპზეც მნიშვნელოვანია.
„მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ნამდვილად არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებასა და მომხმარებელს ძალიან სწორი გზავნილი მივაწოდოთ და ვუთხრათ - თუ არ იციან, უნდა იცოდნენ, და მე დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, უბრალოდ ყოველთვის კარგად უნდა შევახსენოთ, რომ ადვოკატი მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც გარკვეული სამართლებრივი ჩიხური სიტუაციაა.
ადვოკატი არის ყოველდღიურ მოხმარებაში ჩასართავი. ხშირად მესმის ხოლმე, რომ „კულტურა არ არის“. კულტურა არის და ძალიან დიდი კულტურაც არსებობს ბევრი მიმართულებით ჩვენს იურისდიქციასა და საზოგადოებაში. უბრალოდ, შესაძლოა, ფინანსური ნაწილი არ უწყობდეს ხელს, რაც მოხმარების დეფიციტს განაპირობებს. დიპლომატიურად, რომ ვთქვათ მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან უზრუნველყოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას. მოხდეს პრევენცია და პრობლემა თავიდან იქნას აცილებული. ხოლო თუ დავა მაინც წარმოიშვება, რა თქმა უნდა, ადვოკატი ყოველთვის მის გვერდით იქნება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესიული გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა და მას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასოციაციის პოზიციონირებას, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ადვოკატის პროფესიის საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მისი როლი მოქალაქეების მხარდაჭერაში.
როგორც იგი აღნიშნავს, ბოლო სამი თვის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარებისა და პრო ბონო ფორუმები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას და პროფესიის საზოგადოებრივ სარგებელზე ხაზგასმას.
„უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთ კონკრეტულ რეგიონში, განხორციელდეს პრო ბონო აქტივობა. ანუ ეს იქნება განგრძობადი და ადვოკატის პროფესიის ჩართულობას საზოგადოებისთვის იურიდიული კონსულტაციის მიმართულებით უწყვეტი ხასიათი ექნება, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ეს კიდევ ერთხელ არის დიდი გზავნილი იმისა, რომ ეს პროფესია სოციუმის გვერდით არის და ყოველთვის იქნება.
სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ ძალიან კარგი ტრადიცია დავნერგეთ და აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით პროფესიული გაერთიანების წევრები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა მხარდაჭერის ინიციატივაში. გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ბავშვთა სახლს დავეხმარეთ, ხოლო წინა კვირას - ხანდაზმულთა სახლს. ამ მიმართულებითაც, პროფესიის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოებაში ჩართულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ადვოკატის პროფესიის პოზიციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.