საქართველომ UNFCCC-ის სამდივნოს პირველივე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში (1BTR) და მეხუთე ეროვნული შეტყობინება (5NC) წარუდგინა
საქართველომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში (1BTR) და მეხუთე ეროვნული შეტყობინება (5NC) წარუდგინა. დოკუმენტები ასახავს ქვეყნის მიერ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს პარიზის შეთანხმების ფარგლებში გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ვალდებულებების შესრულებისკენ.
დოკუმენტების პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ გახსნა.
„დოკუმენტების პრეზენტაციის მთავარი მიზანი მიღწეული შედეგებისა და ძირითადი მიგნებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. საქართველო, როგორც UNFCCC-ის წევრი ქვეყანა, ვალდებულია უზრუნველყოს გამჭვირვალე და სრულყოფილი ანგარიშგება. წარმოდგენილი დოკუმენტები სწორედ ამ ვალდებულების ნაწილია. მათი დროული წარდგენა შესაძლებელი გახდა როგორც საერთაშორისო მხარდაჭერის, ისე ადგილობრივი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად“, - აღნიშნა ნინო თხილავამ.
ანგარიშებში დეტალურად არის წარმოდგენილი მონაცემები სათბურის აირების გაფრქვევისა და შთანთქმის, კლიმატური პოლიტიკის, ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის, ასევე ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) შესრულების შესახებ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველომ განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავა სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 1990–2022 წლების მონაცემებს და სრულად შეესაბამება UNFCCC-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშგების პროცესში. ეს მხარდაჭერა ასახავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას კლიმატის მდგრადობისა და ადაპტაციის მიმართ. დოკუმენტებში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომელ სექტორებშია საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და რომელი სექტორებია ყველაზე მოწყვლადი. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან “, - განაცხადა „UNDP”-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა.
საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიშები ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას 2030 წლისთვის განახლებული ეროვნული წვლილის (NDC) შესრულებისა და 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევის გზაზე.
პროექტი განხორციელდა 2022–2025 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით.
ღონისძიებაში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:45
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდება. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე სიხშირეების, ტვირთბრუნვის და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ავიაციის სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მგზავრთნაკადზე - საქართველოს აეროპორტები, საანგარიშო პერიოდში, 3,6 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურნენ, რაც 14 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ირაკლი ნადარეიშვილი ასევე შეეხო სიხშირეების ზრდის მაჩვენებელს, რომელიც ასევე რეკორდული სიდიდით, 14 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 17,000 ფრენა შეადგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც მისასალმებელია მიმდინარე ტურისტული სეზონის ჭრილში.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა კარგო - გადაზიდვებზე. მისი თქმით, 2025 წლის 6 თვეში ტვირთბრუნვამ საქართველოს აეროპორტებში დაახლოებით 16,000 ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 50-პროცენტიანი მატებაა. მისი თქმით, ასევე 7 პროცენტით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი.
„ყველა ეს მონაცემი დადებითად აისახება ტურიზმის დინამიკაზე და შედეგია იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, მათ შორის, ავიაციის მიმართულებით, ასევე იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ წლების განმავლობაში ახორციელებს, რათა გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა სხვა ქვეყნებთან, ჩვენი ქვეყნის აეროპორტებიდან კი უფრო მეტი ფრენა შესრულდეს მსოფლიოს გლობალური დედაქალაქების მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.