საქართველო – რეგიონში პირველი ქვეყანა Roblox-ის ინოვაციური ეროვნული პროექტით
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო Roblox-ის პლატფორმაზე ინოვაციური ეროვნული თამაშის შექმნა და პოპულარიზაცია. ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ციფრული კულტურის, ახალგაზრდული ჩართულობისა და ქვეყნის იდენტობის ახალი ფორმით კომუნიკაციის თვალსაზრისით, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის მომავალი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მოგზაურობის მარკეტინგში. როგორი იქნება ახალი თაობის ჩართულობა ამ სფეროში. ამ საკითხზე ისაუბრეს ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გლობალ ტექ უიქ ენდის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მალე რობლოქსის პლატფორმაზე ქართული თამაშიც გამოჩნდება, რომლის საშუალებითაც, ქართველი და უცხოელი მოზარდები ერთად შეძლებენ საქართველოს როგორც ქვეყნის გაცნობას. Roblox წარმოადგენს გლობალურ ციფრულ პლატფორმას, რომელიც მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. საქართველოს პროექტი არა მხოლოდ ტექნოლოგიურად თანამედროვეა, არამედ გამორჩეულია შინაარსითაც ის ეფუძნება ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, გეოგრაფიასა და ტრადიციებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის საქართველოს გაცნობას ინტერაქტიური და ინოვაციური გზით.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტენდენციების და ტექნოლოგიების ინტეგრირება ტურიზმის განვითარების მიმართულებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს რომ წარადგინოს ახალი პროექტები, რათა მეტად შეუწყოს ხელი საქართველოს პოპულარული და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას“, - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.
„ეს არის დასკვნითი ღონისძიება Global Tech Weekend Tbilisi 2025. მოხარულები ვართ რომ 40 ღონისძიება ჩატარდა ერთი კვირის განმავლობაში, დღევანდელი დასკვნითი ღონისძიება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ ტურიზმში ახალ ტექნოლოგიებზე თუ როგორ მივაწვდინოთ ხმა იმ ახალგაზრდა მოგზაურებს, რომლებიც სხვა პლატფორმებზე რობლოქსის გარდა და თამაშების გარდა არ შედიან. ძალიან ვამაყობ რომ დღეს განვიხილეთ Roblox-თან და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად როგორი ლიდერია საქართველო ევროპაში და მთლიანად რეგიონში. ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა რომელმაც გადადგა ნაბიჯი და ივლისში ვიხილავთ საქართველოს თამაშს Roblox-ში, სადაც ქართველები და უცხოელი თინეიჯერები ერთად შეძლებენ ქვეყნის გაცნობას, დაინტერესდებიან და მერე ბევრი ადამიანი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში.
„ძალიან მოხარული ვარ და მგონია რომ მთლიანად Global Tech Weekend -ით და ამ დასკვნითი ღნისძებით დავიწყეთ ახალი ერა ჩვენს ქვეყანაში, ღონისძიებების ახალი სტანდარტები და ბევრი საინტერესო ამბები გველის წინ“, - აცხადებს ნოდო ივანიძე - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის თანადამფუძნებელი.
„ეს ღონისძიება, ჩემთვის, საქართველოზეა - ქვეყანაზე, რომელიც ინოვატორია, ლიდერია იმერსიული ტურიზმის მიმართულებით. მთელი ევროპიდან მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს მსგავსი პროექტი განხორციელებული - ერთია კანარის კუნძულები, მეორე კი - საქართველო. ალბათ სამ-ოთხ წელიწადში ასეთ ქვეყნების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. ასე რომ, საქართველოს შეუძლია იამაყოს - ეროვნული ტურიზმის სფეროში, ახალი ტექნოლოგიების ჩართულობის მხრივ, ის მართლაც ავანგარდშია“, - აცხადებს დენ ბერი Destinate -ის დამფუძნებელი.
„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. ჩამოსული ვარ კონფერენციაზე, სადაც ვსაუბრობ კინოს, ტექნოლოგიისა და ამბის თხრობის შესახებ. უკვე სამი დღეა აქ ვარ და ამ დროის განმავლობაში მართლაც შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. არ ველოდი ასეთ გამორჩეულ სამზარეულოსა და ღვინის 8,000-წლიან ისტორიას.
ამჟამად ვიმყოფებით ფესტივალი Global Tech-ის დასკვნით საღამოზე, ორგანიზატორებთან ერთად. წლევანდელი გამოცდილება უბრალოდ შესანიშნავია. ქართველები საოცრად თბილი, გულღია ხალხია და ტექნოლოგიების სფეროშიც ძალიან განათლებულები და პროგრესულები არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც დავბრუნდები და ერთად ახალ პროექტებზე ვიმუშავებთ.
ეს ღონისძიება გვაძლევს გლობალურ პერსპექტივას იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიური პროგრესი მიმდინარეობს საქართველოში, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში“, -აცხადებს ალან დამი Fox Studios აღმასრულებელი პროდიუსერი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გიორგი მაღალაშვილს 95-ე დაბადების დღეს ულოცავს
23.02.2026.14:44
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს 95 წლის იუბილეს ულოცავს.
„პროფესორ გიორგი მაღალაშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა გამორჩეულია როგორც მასშტაბით, ისე მნიშვნელობით. მისი კვლევები, ფუნდამენტური შრომები და პრაქტიკული საქმიანობა ფასდაუდებელია ქართული გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ბატონი გიორგის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ გიორგი მაღალაშვილის ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. მის მიერ აღზრდილი არაერთი სტუდენტი და მკვლევარი დღეს წარმატებით აგრძელებს საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროფესორ გიორგი მაღალაშვილის 95 წელი ღირსეული და ნაყოფიერი ცხოვრებისეული გზაა, რომელიც მთლიანად უკავშირდება სამშობლოს, მის ოჯახს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მეცნიერებასა და მომავალი თაობების აღზრდას.
მრავალჟამიერ, ბატონო გიორგი!“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
გიორგი მაღალაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორია. მას 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.