საქართველო – რეგიონში პირველი ქვეყანა Roblox-ის ინოვაციური ეროვნული პროექტით
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო Roblox-ის პლატფორმაზე ინოვაციური ეროვნული თამაშის შექმნა და პოპულარიზაცია. ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ციფრული კულტურის, ახალგაზრდული ჩართულობისა და ქვეყნის იდენტობის ახალი ფორმით კომუნიკაციის თვალსაზრისით, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის მომავალი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მოგზაურობის მარკეტინგში. როგორი იქნება ახალი თაობის ჩართულობა ამ სფეროში. ამ საკითხზე ისაუბრეს ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გლობალ ტექ უიქ ენდის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მალე რობლოქსის პლატფორმაზე ქართული თამაშიც გამოჩნდება, რომლის საშუალებითაც, ქართველი და უცხოელი მოზარდები ერთად შეძლებენ საქართველოს როგორც ქვეყნის გაცნობას. Roblox წარმოადგენს გლობალურ ციფრულ პლატფორმას, რომელიც მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. საქართველოს პროექტი არა მხოლოდ ტექნოლოგიურად თანამედროვეა, არამედ გამორჩეულია შინაარსითაც ის ეფუძნება ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, გეოგრაფიასა და ტრადიციებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის საქართველოს გაცნობას ინტერაქტიური და ინოვაციური გზით.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტენდენციების და ტექნოლოგიების ინტეგრირება ტურიზმის განვითარების მიმართულებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს რომ წარადგინოს ახალი პროექტები, რათა მეტად შეუწყოს ხელი საქართველოს პოპულარული და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას“, - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.
„ეს არის დასკვნითი ღონისძიება Global Tech Weekend Tbilisi 2025. მოხარულები ვართ რომ 40 ღონისძიება ჩატარდა ერთი კვირის განმავლობაში, დღევანდელი დასკვნითი ღონისძიება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ ტურიზმში ახალ ტექნოლოგიებზე თუ როგორ მივაწვდინოთ ხმა იმ ახალგაზრდა მოგზაურებს, რომლებიც სხვა პლატფორმებზე რობლოქსის გარდა და თამაშების გარდა არ შედიან. ძალიან ვამაყობ რომ დღეს განვიხილეთ Roblox-თან და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად როგორი ლიდერია საქართველო ევროპაში და მთლიანად რეგიონში. ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა რომელმაც გადადგა ნაბიჯი და ივლისში ვიხილავთ საქართველოს თამაშს Roblox-ში, სადაც ქართველები და უცხოელი თინეიჯერები ერთად შეძლებენ ქვეყნის გაცნობას, დაინტერესდებიან და მერე ბევრი ადამიანი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში.
„ძალიან მოხარული ვარ და მგონია რომ მთლიანად Global Tech Weekend -ით და ამ დასკვნითი ღნისძებით დავიწყეთ ახალი ერა ჩვენს ქვეყანაში, ღონისძიებების ახალი სტანდარტები და ბევრი საინტერესო ამბები გველის წინ“, - აცხადებს ნოდო ივანიძე - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის თანადამფუძნებელი.
„ეს ღონისძიება, ჩემთვის, საქართველოზეა - ქვეყანაზე, რომელიც ინოვატორია, ლიდერია იმერსიული ტურიზმის მიმართულებით. მთელი ევროპიდან მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს მსგავსი პროექტი განხორციელებული - ერთია კანარის კუნძულები, მეორე კი - საქართველო. ალბათ სამ-ოთხ წელიწადში ასეთ ქვეყნების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. ასე რომ, საქართველოს შეუძლია იამაყოს - ეროვნული ტურიზმის სფეროში, ახალი ტექნოლოგიების ჩართულობის მხრივ, ის მართლაც ავანგარდშია“, - აცხადებს დენ ბერი Destinate -ის დამფუძნებელი.
„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. ჩამოსული ვარ კონფერენციაზე, სადაც ვსაუბრობ კინოს, ტექნოლოგიისა და ამბის თხრობის შესახებ. უკვე სამი დღეა აქ ვარ და ამ დროის განმავლობაში მართლაც შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. არ ველოდი ასეთ გამორჩეულ სამზარეულოსა და ღვინის 8,000-წლიან ისტორიას.
ამჟამად ვიმყოფებით ფესტივალი Global Tech-ის დასკვნით საღამოზე, ორგანიზატორებთან ერთად. წლევანდელი გამოცდილება უბრალოდ შესანიშნავია. ქართველები საოცრად თბილი, გულღია ხალხია და ტექნოლოგიების სფეროშიც ძალიან განათლებულები და პროგრესულები არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც დავბრუნდები და ერთად ახალ პროექტებზე ვიმუშავებთ.
ეს ღონისძიება გვაძლევს გლობალურ პერსპექტივას იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიური პროგრესი მიმდინარეობს საქართველოში, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში“, -აცხადებს ალან დამი Fox Studios აღმასრულებელი პროდიუსერი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.17:12
23.06.2025.16:36
23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მიმდინარე წელს კომპანია აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს.
მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2025 წელს კომპანია უპრეცედენტოდ დიდ - 126 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ინვესტირება განხორციელდება წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.
წყალმომარაგების დარგში არსებული გამოწვევები, როგორიცაა სისტემის სტაბილურობა და ქსელების მდგომარეობა, არაერთი მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, ჯივიპი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის ეტაპობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ჯივიპის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაა. სწორედ ამ მიმართულებით 2025 წელს ჯამში 63 მილიონი ლარი დაიხარჯება და 66 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე უკვე დასრულდა 15 სარეაბილიტაციო პროექტი და განახლდა 11,5 კმ სიგრძის ქსელი, მათ შორის, თბილისში - ვასაძის, ჩოლოყაშვილი-წერეთლის, ლიახვის, აწყურის, კაპანაძეების ქუჩები, რუსთავში - ხრამის მაგისტრალური წყალსადენის I ეტაპი.
2025 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში უკვე დაიდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ყველაზე ხშირად დაზიანებადი 100-მდე მონაკვეთი და დაიგეგმა მათი ოპერატიული განახლება. აღნიშნული მიმართულებით წლის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
კომპანიაში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელში წყლის წნევების რეგულირების მიმართულება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ავლაბრის, ნავთლუღის, სოფელ დიღმისა და ვარკეთილი ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 41%-ით შემცირდა.
ქსელის ავარიული დაზიანებებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების შესამცირებლად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს ჯივიპის მოდერნიზებული საოპერაციო ცენტრები. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე დამონტაჟდა 444 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 30 აკუსტიკური ლოგერი, ამასთანავე ქსელის ავარიული აღდგენის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა 13 კილომეტრამდე სიგრძის ქსელი.
მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, ჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.
განხორციელებული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პროექტების შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საპილოტე არეალებში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, თბილისის ზედა ზონებსა და ისანი-სამგორის რაიონში, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალები, ქსელის ავარიული დაზიანებების რაოდენობა და წყლის დანაკარგები.
გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით დაინერგა განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.