საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს შუა დერეფნის განვითარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ნაბიჯი იყო საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც გაორმაგდა რკინიგზის გამტარუნარიანობა და განახევრდა საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებული ტრანზიტის დრო. ამ პროექტზე მარიამ ქვრივიშვილმა ტაშკენტში, ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი საბოლოო ფაზაში შედის და მისი დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტს, რომლის 70 პროცენტზე მეტი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო მისი სრული დატვირთვით ოპერირების შემდეგ მგზავრობის დრო შემცირდება ორი საათით, ასევე შემცირდება ტრანსპორტირების ხარჯები და გაუმჯობესდება უსაფრთხოება, რაც საქართველოს ტრანსკონტინენტური ქსელის კიდევ უფრო კონკურენტუნარიან სეგმენტად აქცევს.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო კომპანიების მიერ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია კოორდინირებული სერვისების, კონკურენტუნარიანი ტარიფებისა და პროგნოზირებადი სატრანზიტო გრაფიკის შეთავაზების კუთხით, რაც აძლიერებს შუა დერეფნის საიმედოობას გლობალური გადამზიდავებისთვის" - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო მოცულობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.