საპილოტე პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტო უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ კითხვას ეხმაურება, თუ რატომ ხორციელდება საპილოტე პროგრამა ბათუმში, სადაც მოქმედებს ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საპილოტე პროგრამა (მუნიციპალური პროგრამისგან განსხვავებით) მოიცავს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტს ( ბათუმი, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური).
„დღეისათვის, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის, ქედას ქობულეთის, ბათუმის მუნიციპალიტეტიდან აყვანილია და ვეტერინარული მანიპულაციები (იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკა) ჩაუტარდა 287 ცხოველს.
ანალოგიურად, საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება იმერეთის და კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
25.08.2025.12:28
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა - თბილისი - ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის „თურქეთის ავიახაზების" შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის ივლისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და „თურქეთის ავიახაზების" დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული. საუბარი ასევე წარიმართა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომი ზრდის და ახალი საჰაერო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობებზე.
მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.
2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (20 766) 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილ იქნა 4 601 048 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.