სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი–ლესას 8 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი.
აღნიშნული მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი.
სამტრედია–გრიგოლეთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. მესამე 12 კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი 6 კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები კი, აქტიურად გრძელდება. ამ დროისათვის, დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა, მიმდინარეობს გზის საფარის დაგება და სახიდე ნაგებობების მშენებლობა.
სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გადის გურიის რეგიონში და გვერდს აუვლის ქალაქ ლანჩხუთისა და სოფლების - გვიმბალაირის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს.
საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა გაზრდის სატრანსპორტო გამტარუნარიანობის, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციედება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.
სხვა სიახლეები
შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
17.12.2025.14:39
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, მზარდი ტვირთბრუნვის პირობებში, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს და ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
მხარეებმა გამოხატეს სრული მზაობა, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ კოორდინირებული მუშაობა.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზი გაესვა ახალი ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტის - „აბრეშუმის გზა - იპეკ იოლუს“ მშენებლობის მნიშვნელობას, რაც რეგიონში სატრანზიტო პოტენციალის განვითარების წინაპირობა იქნება.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მდივანი, სამირ აბდურაჰიმოვი, საბაჟო საკითხებში საელჩოს ატაშე, ვუსალ აბილოვი.