სამგორის რაიონში ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საბაგირო გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პოლიტიკაში.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის (არსებული მარშრუტის შენარჩუნებით) საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით. ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება და დაუყოვნებლივ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 1,5-2 წელიწადში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა.
„დღეისთვის ძველი საბაგირო გზის საინჟინრო და შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარება ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები და დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვაზისუბნის დასახლებაში მოსახლეობის ზრდის, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმავე დერეფანში განხორციელდეს ახალი, თანამედროვე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერ მეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ „სამგორამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო ჩაერთვება ერთიან სატრანსპორტო ქსელში და მეტროს მოძრაობის გრაფიკის ანალოგიურად მოემსახურება მოსახლეობას.
„დედაქალაქის ლანდშაფტის გათვალისწინებით, საბაგირო გზების განვითარება და მშენებლობა, წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. საუბარია „სარაჯიშვილი- ზღვის უბნისა“ და „ისანი-ვაზისუბნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა
11.12.2025.15:29
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან 4 ფაქტი გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების შემთხვევას წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 576 ფაქტია გამოვლენილი. სხვადასხვა რეგიონში, სახელწმიფო ტყის ტერიტორიიდან ამოღებულია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, სააგენტო გეგმავს ისეთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, რომლებიც ტყის მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული. მათ შორისაა მოვლითი და სანიტარიული ჭრები, რაც, თავის მხრივ, ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
„როგორც სამასალე ისე საშეშე მერქნული რესურსის მოპოვება რეგულირებულია. მოქმედებს წესი - არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს. უწყების ყველა ღონისძიება სწორედ ამისკენაა მიმართული“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, ტყეზე მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. შეძენილ იქნა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; 34 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო გზების მოწყობის, ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის. 10 დრონი, 750 ფოტო-ხაფანგი და სამხრე კამერები ტყის კონტროლისა და მონიტორინგის
საკანონმდებლო ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 000 ლარი. უკვე მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.