სახელმწიფოს მონაწილეობა საინვესტიციო პროექტში არის გარანტია, რომ სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესები ყოველთვის დაცულია და ასე იქნება „იგლ ჰილსის" პროექტის შემთხვევაშიც - ირაკლი ნადარეიშვილი
„სახელმწიფოს მონაწილეობა საინვესტიციო პროექტში არის გარანტია, რომ სახელმწიფოს, მოსახლეობის, ქალაქისა თუ იმ ურბანული ქსოვილის, სადაც განვითარება ხდება, საუკეთესო ინტერესები ყოველთვის დაცულია და ასე იქნება „იგლ ჰილსის" პროექტის შემთხვევაშიც. შექმნილია ერთობლივი საწარმო, სადაც სახელმწიფოს აქვს ერთი მესამედი წილი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ კომერციულ შეთანხმებაში სახელმწიფოს ვალდებულება არის მიწით მონაწილეობა.
„შესაბამისად, პროექტების განვითარება და მშენებლობა მოხდება ამ ტერიტორიაზე. ეს იქნება შერეული ტიპის განვითარება, სადაც არის საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები, საჯარო ობიექტები, ასევე არის უზარმაზარი სარეკრეაციო მასივები, რაც ამ პროექტებს უნიკალურობას სძენს. ამიტომ, მიწის მფლობელი იქნება ის კომპანია, სადაც სახელმწიფო არის წარმოდგენილი სრულფასოვნად და იმ შესაძლებლობით, რომ მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოსთან, მომხმარებლებთან და საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინტერესები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა „იგლ ჰილსის" უპირობო ვალდებულებას, რომ სრულად დააფინანსოს პროექტი.
„ეს არის წმიდა წყლის კომერციული შეთანხმება, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხარე არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი სახელისუფლებო ბერკეტები, არავითარი ფინანსური გარანტია, რომელიც სცდება პროექტში მიწით შესული პარტნიორის ფუნქციას, სახელმწიფოს არ აქვს აღებული. ძალიან მნიშვნელოვანია „იგლ ჰილსის" უპირობო ,ვალდებულება, რომ სრულად დააფინანსოს პროექტი, რა რესურსიც იქნება მისი განვითარებისთვის საჭირო და კაპიტალის მოსაზიდად აქ სახელმწიფო რაიმე ტიპის გარანტიებით მონაწილეობას არ მოახდენს" - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული Condor Airlines ბრუნდება
17.11.2025.12:25
2026 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე Condor Airlines ბრუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ყოველდღიურად განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
Condor Airlines-ის დაბრუნება ავიაბაზარზე განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ მუდმივად მიდის პროაქტიული მუშაობა, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოში ფრენების დაწყებით.
ამჟამად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოდან გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. 2025 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა და 2025 წლის იანვარი-სექტემბერში 65,968 ვიზიტორი ეწვია.
ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2025 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია 60 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.