სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რეფორმის ფარგლებში, გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა აკადემიის სტატუსით. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის. ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად. სწავლა იქნება უფასო“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
06.03.2026.10:16
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე შეხვედრები ამჯერად ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლასა და ქალაქ გორის №12 საჯარო სკოლაში გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრებს V და VI კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში მათ მიიღეს ინფორმაცია თუ რა გზას გადის წყალი მოპოვებიდან ჩვენს ონკანამდე, როგორი უნდა იყოს სუფთა წყალი, რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას წყლის რესურსთან მიმართებაში, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს და ა.შ.
პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე.
„დაზოგე წყალი“ კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები წყალმომარაგების კომპანიის ნებართვების, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, მაკა გოდერძიშვილმა და წყალმომარაგების კომპანიის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტების გარემოს დაცვის კონსულტანტმა, ქეთევან ჩომახიძემ გამართეს.
წყალმომარაგების კომპანია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან წყლის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.