სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა.
ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა მაღრაძემ გახსნა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ლაშა მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა საბჭოს საქმიანობის პოზიტიურ როლზე, ხაზი გაუსვა ქბრბ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საბჭოს წევრებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში მოისმინეს. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ქბრბ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, პრიორიტეტები და სამომავლო პროექტები. გარდა ამისა, სამინისტროების წარმომადგენლებმა უწყებებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაია თოლორდავა.
ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაეროს დანაშაულისა და სამართლის კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) წარმომადგენლები.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.