სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და უკანონო სამშენებლო საქმიანობა არ უკავშირდება სოციალურ საკითხს - ეს ორგანიზებული დაჯგუფებებია, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებენ - კახა კალაძე
სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება, აღნიშნული ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, - განაცხადა დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩაერთონ ამ ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული უკანონო საქმიანობა სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება არანაირ სოციალურ საკითხს.
„როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთა და ქაოსური განაშენიანების აკრძალვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება, აღნიშნული ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით, დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ხშირ შემთხვევაში, უკანონო მშენებლობები სარეკრეაციო და სატყეო ზონებში ხორციელდება, რაც ასევე იწვევს მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხას. აღნიშნული უკანონო საქმიანობა სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება არანაირ სოციალურ საკითხს.
ძალიან ხშირად ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით, თუმცა როდესაც გაქვს ასეთი ფაქტები და ვაკეთებთ მოკვლევას, ვლინდება, რომ ეს არის ორგანიზებული დაჯგუფებები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ ახორციელებენ ამ ტიპის ქმედებებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო საქმიანობაში, დაემორჩილონ ჩვენი სამსახურების კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, მხოლოდ 2025 წელს ინსპექციის მიერ გამოვლენილია 1 305 სამშენებლო სამართალდარღვევა.
„სახელმწიფო მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, ჩატარებულია 70-ზე მეტი სპეციალური ღონისძიება; დემონტაჟი ჩაუტარდა 300-ზე მეტ უკანონოდ აშენებულ შენობა/ნაგებობას; გამოთავისუფლებულია ათეულობით ჰექტარი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, მათ შორის, რეკრეაციულ და სატყეო ზონები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური ღონისძიებები და ქმედითი რეაგირება გაგრძელდება და არცერთი უკანონო მშენებლობის თუ სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, არ ჩაერთოთ ამ ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და მის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
სხვა სიახლეები
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა
11.12.2025.15:29
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან 4 ფაქტი გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების შემთხვევას წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 576 ფაქტია გამოვლენილი. სხვადასხვა რეგიონში, სახელწმიფო ტყის ტერიტორიიდან ამოღებულია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, სააგენტო გეგმავს ისეთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, რომლებიც ტყის მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული. მათ შორისაა მოვლითი და სანიტარიული ჭრები, რაც, თავის მხრივ, ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
„როგორც სამასალე ისე საშეშე მერქნული რესურსის მოპოვება რეგულირებულია. მოქმედებს წესი - არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს. უწყების ყველა ღონისძიება სწორედ ამისკენაა მიმართული“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, ტყეზე მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. შეძენილ იქნა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; 34 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო გზების მოწყობის, ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის. 10 დრონი, 750 ფოტო-ხაფანგი და სამხრე კამერები ტყის კონტროლისა და მონიტორინგის
საკანონმდებლო ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 000 ლარი. უკვე მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.