საქართველო 2:2 ბელგია - ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფს ლიდერობს!
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა ბელგიის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა.
პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. 51-ე წუთზე, ჩვენმა გუნდმა სხვაობა შეცვლაზე შემოსული გიორგი წიტაიშვილის გოლით შეამცირა, ასევე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გულიაშვილმა კი, 87-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრებთან პაიჭაძის სტადიონზე გამართავს.
რამაზ სვანაძე: "თამაში შემიძლია ორ ნაწილად გავყო. პირველი ტაიმი დისციპლინის ნაკლებობის მაგალითია, და ეს ეხება მთელ გუნდს. განსაკუთრებით მაღალი კლასით და ინდივიდუალური ოსტატობით გამორჩეულ გუნდებთან ამას პრობლემები მოჰყვება. მეორე ტაიმი იყო ჩვენი მენტალური სიძლიერის და სწორი მიდგომის მაგალითი. საბოლოო შედეგი, როგორც ემოციური, ისე სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო.
მადლობა ბიჭებს. არ არის მარტივი ასეთ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ იყო პირველ ადგილზე და წაუგებლად ითამაშო მაღალი დონის გუნდებთან. პირველი ტაიმი უდიდესი გამოცდილება იყო. ყველა ფეხბურთელს არ ეხება, მაგრამ გრანდებთან შედარებით არ ვართ ასეთ რიტმში თამაშს მიჩვეულები. მადლობა არაჩვეულებრივ გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და ბოლო თამაშზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავასრულოთ.
მოედანზე სიტუაციას მარტო მწვრთნელი ვერ შეცვლის. როდესაც არსებობს რწმენა და ურთიერთგაგება გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს შორის, ნებისმიერი თამაშის გადარჩენის შანსი არსებობს. ის ფაქტორი, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ მნიშვნელოვანია. პირველი თამაშის შემდეგ, არ გვქონდა უფლება, რომ დღეს მოედანი თავაწეულებს არ დაგვეტოვებინა.
ნიკა გაგნიძის ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ამიტომ, ტრავმის სირთულეზე საუბარი არ შემიძლია. ერთი შეხედვით, მსუბუქი დაზიანება არ ჩანს, თუმცა მეტი ხვალ გვეცოდინება."
ანზორ მექვაბიშვილი: "ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. ვფიქრობ, პირველ ნახევარი ყველა კომპონენტში დავთმეთ. ვერ ვასრულებდით დავალებებს. გასახდელში საუბარმა, რომელიც სტადიონზე მოსული გულშემატკივრების დაფასებას ეხებოდა, დიდი გარდატეხა შეიტანა თამაშში. ვგრძნობდი, რომ ბიჭებს თამაშის შემოტრიალების ჟინი და ემოცია ჰქონდათ.
შეგვეძლო მოგებაც, თუმცა ასეთი მძიმე ტაიმის შემდეგ, ქულა ძალიან კარგი შედეგია. მადლობა გუნდის პერსონალს, ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ერთი წამი არ გაჩერებულან. მატჩის შემდეგ, ქომაგებთან ტრადიციული რიტუალის შესრულებისას, თვალზე ცრემლი მომადგა. არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და ქომაგი სახლში დამწუხრებული არ გავუშვათ."
დღის ტოპ 10 სიახლე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
სხვა სიახლეები
16.09.2025.21:05
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.
ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში წარსულში გასამართლებულია 7 პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ“, - აღნიშნეს უწყებაში.