საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება
განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი, ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით. მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს. მათ აღარ უნდა დასჭირდეთ, დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება დაკავშირებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სხვა სიახლეები
საჯარო სკოლების მე-12 კლასში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი რეგისტრაცია ყოველი წლის მარტში გაიარონ
02.12.2025.11:59
11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად, თუმცა მსურველებს შეეძლებათ მე-12 კლასში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე ისწავლონ, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში ექნებათ.
„რეალობა არის შემდეგი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი მე-12 კლასში ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.