„საგანმანათლებლო სივრცის“ პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ტაჯიკ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელშეწყობით, ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების, რისკების ცენტრალიზებული მართვის, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ტაჯიკ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
სამუშაო შეხვედრაზე ფინანსური ბაზრების აქტივებისა და რეზერვების მართვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, საბაზრო და საკრედიტო რისკების მართვა, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტისთვის აუცილებელი სისტემები, პროცესები და პრაქტიკული ასპექტები, ასევე, კიბერრისკების მართვის ჩარჩო.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ.
„მოხარული ვართ, ჩვენი გამოცდილება სხვა ცენტრალურ ბანკებს გავუზიაროთ და მომავალშიც ჩვენს უცხოელ კოლეგებს აქტიურად გავუწიოთ ტექნიკური დახმარება და კონსულტაცია. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ შორის არსებულ მრავალწლიან, მზარდ და მჭიდრო თანამშრომლობას“, - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.
ეს არის მორიგი სასწავლო შეხვედრა ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, იმავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. 2024 წელს კი გაიმართა სემინარი ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელშიც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.17:07
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გაიხსნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამას სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 7 ქვეყნის (გერმანია, სომხეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი) 200-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, აქსესუარები და სერვისები.
„WinExpo Georgia“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში, რომლის მიზანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია.
გამოფენას ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ჩატარდება სპეციალური ღონისძიება „WinExport FORUM, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იმპორტიორები შეხვდებიან ქართველ მეღვინეებს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება რიგით მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award,, რომლის ჟიურიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ღვინის ექსპერტებით. კონკურსში წარდგენილია 200-მდე ნიმუში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.
გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ თბილისში, 6-8 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონში ტარდება.