საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება
2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში, ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.
„ახლოვდება ეროვნული გამოცდები, მინდა აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
N39-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის”- ის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან. N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ( ანზორ აბულაშვილის ქუჩა). ხოლო N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“- ის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).
საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.