საბიუჯეტო სახსრები თითოეული წლისთვის, 3 თუ 4 წელი გასტანს ეს გარდამავალი პერიოდი, როცა არსებული ცხოველების ჩიპირება, სტერიზაცია-კასტრაცია განხორციელდება. ამისთვის საკმაოდ სოლიდური სახსრები იქნება გამოყოფილი.
თავშესაფარში ძაღლების დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება, მთავარია დაავადების გამომწვევ მიზეზს ვებრძოლოთ, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონზე საუბრისას.
მისივე თმით, სასურველია თავშესაფარი აჭარაში აშენდეს და ასევე დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი დაემატოს.
„ძაღლის თავშესაფარი ნიშნავს, რომ ძაღლი იქ შედის, სტერილიზაცია-კასტრაციას გადის, დაკვირვების ქვეშაა და შემდგომ 10 დღის შემდეგ გამოდის. თავშესაფარში ძაღლების დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება. ასე, რომ აქ მთავარია ჩვენ დაავადების გამომწვევ მიზეზს ვებრძოლოთ, რიტორიკულად რომ გითხრათ ეს არის ადამიანი, რომელიც ქუჩაში აგდებს ძაღლს და უკონტროლოდ ამრავლებს ფინანსური მოგების მიზნით. ასე, რომ სასურველია თავშესაფარი აჭარაში აშენდეს და ასევე დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი დაემატოს, იმიტომ, რომ არ გვყოფნის. თავშესაფრების ფუნქცია უნდა იყოს, რომ ძაღლი ჩაბარდეს ანუ როცა პატრონს აღარ მოუნდება ძაღლი ჩააბაროს, ან სახელმწიფომ ქუჩაში მიტოვებულ ძაღლს მოუაროს, სტერილიზაცია-კასტრაცია ჩაუტაროს. მაგრამ ის, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა თავშესაფარი სავალდებულოდ ააშენოს, ეს გამოსავალი არ არის.
რეალურად რაზეც მე ახლა გესაუბრებით, ეს არის რეგულარული მდგომარეობა თუ როგორ უნდა იმართოს სისტემა სამომავლოდ. მაგრამ ჩვენს ამ წუთას გვყავს ქუჩაში გაგდებული ძალიან ბევრი ძაღლი. მათ შორის ვიდრე კანონი ამოქმედდება, კიდე გაყრიან ქუჩებში ძაღლებს. ასე, რომ ამ გარდამავალი პერიოდში არის რეგულირების გარდამავალი რეჟიმი, რომელიც ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, 2026 წლის იანვრამდე შეიმუშავებს პროგრამას, გეგმა-გრაფიკს, რომლის მიხედვითაც ყველა რეგიონში ჩატარდება უპატრონო ცხოველების მასიური ჩიპირების, სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურები. ამისთვის უნდა მობილიზდეს ძაღლ მჭერები, ვეტერინარები - საკმაოდ რთულად აღსასრულებელია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში ამის ნება არსებობს. მოგეხსენებათ პროექტი საქართველოს პარლამენტის ინიცირებით იყო და დიდი მხარდაჭერა გვქონდა პრემიერ-მინისტრისგან. საბიუჯეტო სახსრები თითოეული წლისთვის, 3 თუ 4 წელი გასტანს ეს გარდამავალი პერიოდი, როცა არსებული ცხოველების ჩიპირება, სტერიზაცია-კასტრაცია განხორციელდება. ამისთვის საკმაოდ სოლიდური სახსრები იქნება გამოყოფილი“, - აცხადებს ბითაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.10:28
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნული ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრული საკითხების განსახილველად შედგა. მხარეებმა, ეროვნულ ბანკსა და CIPS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის CIPS-ის გლობალურ ქსელთან წვდომის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადახდებისა და ანგარიშსწორების სისტემები განუწყვეტლივ ვითარდება. CIPS-თან თანამშრომლობა კი მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებსა და ტრანზაქციებს ორ ქვეყანას შორის, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში.
„საქართველოს პირველად სტუმრობს ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის დელეგაცია. ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული ყოვლისმომცველი მემორანდუმის ერთ-ერთი მიმართულება ორი ქვეყნის საფინანსო სისტემებს შორის ტრანზაქციების გამარტივება და ხელმისაწვდომიბის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ვაჭრობას, ვაჭრობა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის. ასევე, ორ ქვეყანას შორის გადახდების სისტემების გამარტივება, რა თქმა უნდა ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“, -განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, CIPS-ის პრეზიდენტთან ფუ ჰუანგმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კავშირი საზღვრისპირა გადახდების რაოდენობის ზრდაზე აისახება. CIPS-ის მსგავსი საგადახდო სისტემების ინტეგრაცია კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. კარგად განვითარებული, ეფექტური და უსაფრთხო საგადახდო ინფრასტრუქტურა ძალიან სასარგებლო იქნება ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ფუ ჰუანგმა.
ვიზიტის ფარგლებში CIPS-ის მენეჯმენტმა შეხვედრები გამართა ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან. მათ ეძლევათ შესალებლობა გახდნენ გლობალური ქსელის ნაწილი, მხარეები შეთანხმდნენ რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.
საერთაშორისო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა CIPS-ი, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ 2015 წელს დაარსებული ავტორიზებული გადახდის სისტემაა. კომპანია სპეციალიზირებულია იუანის საზღვრისპირა გადახდების კლირინგში. დაარსებიდან დღემდე, CIPS-მა მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეების ფართო ქსელი შექმნა თითქმის ყველა ძირითად რეგიონში. ამჟამად, CIPS-ის ქსელში 185 ქვეყნის 4700 ზე მეტი საბანკო ინსტიტუცია მონაწილეობს. 2024 წელს CIPS-ის წლიური საქმიანობის მოცულობა 570 ტრილიონ იუანს აჭარბებდა.