საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო", ,,ქუთაისის აეროპორტი" და ,,ყაზბეგი", რისკის პროფილისა და მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 421,39 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 53 731,84 ლარი შეადგინა. ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო უცხო ქვეყნის კანონდამრღვევ პირებს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 34 930,97 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
სხვა სიახლეები
17.06.2025.15:43
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და კომისიის წევრები, განახლებადი ენერგიების კომპანიების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებსა და შესაბამისად სემეკის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის პროექტზე, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას.
ნეტოაღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომლის განხორციელების ვალდებულება განპირობებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმით.
შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე განისაზღვრა, თუ რა პერიოდით ისარგებლებენ 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო აღრიცხვის სქემით.
ენერგეტიკული გაერთიანების მიერ სემეკისთვის მოცემული რეკომენდაციებისა და განმარტების შესაბამისად, ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალკე-ცალკე აღრიცხვას. ნეტო დარიცხვის დროს, აქტიური მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია ფინანსურად ანაზღაურდება და კვტ/სთ ელექტროენერგია არ შეინახება კრედიტად მომავალი გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, როგორც ნებისმიერი სხვა საბოლოო მომხმარებელი.