საახალწლო განათებების მონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს. დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, თბილისის მერიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით ავტომობილები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ლარის ევრობონდების ემისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ინვესტორთა მზარდ ნდობას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ - ნათია თურნავა
12.11.2025.16:20
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დადებითად აფასებს საქართველოს ბანკის მიერ 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდების წარმატებით გამოშვებას საერთაშორისო ბაზარზე.
„ლარის ევრობონდების ემისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ინვესტორთა მზარდ ნდობას საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის მიმართ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება გამოწვევებითა და გაურკვევლობებით ხასიათდება", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ლარში დენომინირებული ევრობონდების გამოშვება ქვეყნის ფინანსური სექტორის მდგრადობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„გვჯერა, რომ ლარის ევრობონდების ემისია კარგი მაგალითი იქნება სხვა ქართული ბანკებისა და კომპანიებისთვის საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის კუთხით", - დასძინა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია კვლავაც ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ინვესტირების გაზრდილ საერთაშორისო ინტერესს, რაც უნდა აღინიშნოს, რომ სებ-ის მიერ გატარებული სწორი მონეტარული პოლიტიკისა და თანმიმდევრული დედოლარიზაციის პოლიტიკის შედეგია.
საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა - Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი". ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.