სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე - პრემიერი
დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.
„პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაეზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სხვა სიახლეები
ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ საპოროში გაიმართა
08.04.2026.12:39
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიაში, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
დეგუსტაციას „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, რომელმაც ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ.
ღონისძიებაზე ქართული ღვინის პრეზენტაცია ასევე წარადგინა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ.
მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პარტნიორული კავშირების განმტკიცებაში. მათი მეშვეობით, ღვინის მწარმოებლები უშუალოდ იღებენ უკუკავშირს კონკრეტული ბაზრის მოთხოვნებზე და უკეთ ერგებიან მომხმარებლის ინტერესებს. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე წარმოების სტანდარტებისა და მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აძლიერებს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული კომპანიები აქტურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის „Foodex Japan“, “RAW Wine Tokyo” და „Wine and Gourmet Japan“, ასევე დგილობრივ ღვინის კონკურსებში.
2019 წელს, ტოკიოში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმა, 2 თვის განმავლობაში ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა და მნიშვნელოვნად გაზრადა ქართული ღვინის ცნობადობა იაპონიის ბაზარზე.