რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს - ლევან მეხუზლა
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრების მთავარი თემა 2026 წლის რთველისთვის მზადება იყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.
„რთველის სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პროცესი უფრო ორგანიზებულად წარიმართოს. დიფერენცირებული ფასის დადგენა ზრდის მოტივაციას, რომ მევენახეებმა უფრო ხარისხიანი მოსავალი აწარმოონ. ჩვენ ვზრუნავთ დარგის ჯანსაღ, გრძელვადიან განვითარებაზე და, ამასთანავე, ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას ფერმერების მიმართ, რათა ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. თუმცა, დარგის მომავლის გათვალისწინებით
, ჩასაბარებელი ყურძენი აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც რთველის პერიოდში ყურძნით დატვირთული ტრანსპორტის ნაკადის ორგანიზებულ მართვას უზრუნველყოფს. მოსავლის აღრიცხვა განხორციელდება ელექტრონული სასწორების მეშვეობით, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რაც პროცესის გამჭვირვალობასა და მევენახეების ნდობას გაზრდის. გარდა ამისა, ღვინის საწარმოები აღიჭურვება შაქრიანობის საზომი თანამედროვე მოწყობილობებით.
შეხვედრებს სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ხარისხის რეფორმასთან დაკავშირებული მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო
03.04.2026.13:30
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია განცხადებაში.