რთველი 2025-ის ფარგლებში, რეკორდული რაოდენობის - 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა
რთველი 2025-ის ფარგლებში, რეკორდული რაოდენობის - 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გადამუშავებული 336 ათასამდე ტონა ყურძენი ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. მევენახეების შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 500-ზე მეტი ღვინის საწარმო.
საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება.
გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი - 327 ათასამდე ტონა კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეულ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ, დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს 1.00 ლარად.
წელს რაჭაში გადამუშავებულია ასევე რეკორდული, 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია. მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ხოლო ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 23.5 მლნ ლარს მიაღწია.
რაჭის რეგიონში, კერძო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
სხვა სიახლეები
სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
03.11.2025.16:20
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 260 092 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.