რომელ გზებზე ნარჩუნდება შეზღუდვები?
უკვე რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება. საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა საავტომობილო გზებზე განვლადობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზებზე, აღნიშნული მიმართულებებით გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია
სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს რამდენიმე საავტომობილო გზაზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე
ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ25-კმ53 (მაღაროს კარი-კორშა) მონაკვეთსა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ25-კმ50 მონაკვეთზე (ბაღდათი-საირმე) და წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
სხვა სიახლეები
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
12.12.2025.21:37
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა. „ახალი წლის მოლოდინი სიკეთით ავსებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. დღეს ინთება მთავარი ნაძვის ხე, ასევე, დღეიდან გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის იფიქრებენ სურვილებს. ცხადია, სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს მთელ საქართველოში, მსოფლიოში, სიკეთით სავსე იყოს ჩვენი ულამაზესი თბილისი და საქართველო. გილოცავთ წინასწარ შობა-ახალ წელს. გილოცავთ საახალწლო დღეების დაწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდიისა და დათო ფოცხიშვილის ანსამბლ „მეტეხის“ წარმომადგენლები, ასევე, დავით ევგენიძე და „რანინა“; მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე; წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი.
ღონისძიების კონცეფცია, რომლის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა, აგებული იყო დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე - „სიკეთით სავსე ქალაქი“.
საზეიმო ცერემონიას ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნა, სადაც 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი.
„საახალწლო სოფელი“ საზეიმო ღონისძიებით 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.