რა ბიზნეს შესაძლებლობებს ქმნის ქართული კულტურა - კულტურის მინისტრის შეფასება
კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებით, ქართული კულტურის მიმართ საერთაშორისო ინტერესი მაღალია როგორც წამყვანი ინსტიტუციებისა და მუზეუმების მხრიდან, ისე სხვადასხვა შემოქმედებითი ინდუსტრიების კუთხით.
როგორც თინათინ რუხაძემ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო მიმართულებას მოიცავს - გასულ წელს დაახლოებით 600 პროექტიდან დაახლოებით 30% საერთაშორისო იყო, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფინანსებული 153 პროექტიდან 30-ზე მეტი უკვე საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს.
„გასულ წელს 600-მდე პროექტი გვქონდა, აქედან დაახლოებით 30% საერთაშორისო იყო. 153 პროექტი გვაქვს წელს პირველ კვარტალში დაფინანსებული და აქედან 30-ზე მეტი პროექტია საერთაშორისო. დაწყებული თურქეთიდან, დამთავრებული ავსტრალიამდე ყველგან იყვნენ უკვე ჩვენი ხელოვანები. შესაბამისად ეს არის ლაიფციგის წიგნის ბაზრობა... ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი ინსტიტუციისთვის გაკეთებული, ეს არის გამომცემლებისთვის, ეს არის მთარგმნელებისთვის, ეს არის ლიტერატორებისთვის. აქ წარმოდგენილია როგორც კლასიკური ქართული მწერლობა, რომელიც უნდა ითარგმნოს, განახლდეს და გამოიცეს ხელახლა და საგამომცემლო ბიზნესის ხელშეწყობაა, ასევე არის მწერლების ხელშეწყობა, ახალ მწერლებს ძალიან ვეხმარებით ამ კუთხით. ეს არის ლონდონის წიგნის ბაზრობა, სადაც გამომცემლები გვყავდა წარმოდგენილი. რამდენიმე დღეში დაიწყება პარიზის წიგნის ბაზრობა, სადაც თუ ლონდონში და ლაიფციგში ვიყავით პატარა სტენდებით წარმოდგენილი, წელს პარიზმა შემოგვთავაზა უზარმაზარი სტენდი, უზარმაზარი პლატფორმა, ერთ-ერთი მთავარი სტუმარი ვართ ამ ფესტივალის და იქ არ არის მხოლოდ წიგნი და წიგნიერება წარმოდგენილი, იქ არის წარმოდგენილი მუსიკა, ხელოვნების სხვადასხვა სფეროები, მრავალმხრივად ვუდგებით ამ საკითხს და ესეც ჩვეულებრივად ბიზნესის ხელშეწყობაა. დაწყებული გამომცემლიდან დამთავრებული კერძო მუსიკალური კომპანიებით, მუსიკოსებით, კომპოზიტორებით, მწერლებით, მხატვრებით, რომლებიც ამ წიგნებს აფორმებენ და ბევრი მომიჯნავე დარგის ადამიანით.
საქართველოს იდენტობას მხოლოდ კინო, მწერლობა ან ფოლკლორი არ განსაზღვრავს - ჩვენ ყველაფერი ერთობლივად უნდა განვავითაროთ. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მსოფლიო დონის ბრენდებია რობერტ სტურუა, რეზო გაბრიაძე, ელდარ შენგელაია და სხვა გამორჩეული სახელები.
მსოფლიო დონის ბრენდებია ნიკო ფიროსმანი და ლადო გუდიაშვილი. სწორედ მათზე გვესაუბრება დღეს გუგენჰაიმის მუზეუმი. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ გამოფენას მხოლოდ ბილბაოში კი არ მოაწყობენ, არამედ მსოფლიო ტურნეში გაიტანენ და გუგენჰაიმ ბილბაოდან ნიუ-იორკის გუგენჰაიმში გადაინაცვლებენ.
შესაბამისად ეს ჩვეულებრივად სამუზეუმო ბიზნესიც არის. ჩვეულებრივად საქმიანობაა, რომელიც ეკონომიკური კუთხითაც საქართველოსთვის საინტერესო უნდა იყოს. ამიტომ ჩვენი მიმართულება არის, რომ შიგნით ბევრ სიღრმეებში ჩავიდეთ, ვეძებოთ, ბევრი სამეცნიერო კვლევა დავაფინანსოთ, ვაკეთებინოთ ხელოვნებათმცოდნეებს და სხვადასხვა მეცნიერებს. ჩვენ გვაქვს უნიკალური ხელნაწერები, უნიკალურია ნებისმიერი ის სფერო, რომელიც გვაქვს არქეოლოგიაში, ისეთი მიგნებები გვაქვს. ჩვენ არ ვიცით ჯერ კიდევ ჩვენი მიწა-წყალი რას ინახავს.. პატარა ქვეყანა ვართ ძალიან დიდი და უნიკალური ისტორიით, კულტურით და სამეცნიერო პოტენციალით. აუცილებლად იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რომ მეტ ტურისტს მოიყვანს და მეტ ინვესტიციას მოიყვანს, შიგნით მთელი გუნდით ერთად ვშრომობთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურულად მოვლილი იყოს ჩვენი ნამდვილად საგანძური, ჩვენი ძეგლები. იმიტომ რომ ინფრასტრუქტურულად შენ რომ ტურისტს მოიზიდავ, უნდა იყო წარმოდგენილი ისე არა მხოლოდ ტურისტული მარტო პირდაპირ დავუშვათ ჰოსპიტალითი, სასტუმრო დახვდეს, გზა დახვდეს და ტრანსპორტი დახვდეს და ეს ყველაფერი გამართული, არამედ შენი ძეგლებიც მოვლილი დახვდეს და ისეთ დონეზე მოუყვე ყველაფრის შესახებ, ისე გქონდეს სთორითელინგი შენი ქვეყნის აწყობილი, ანუ ისეთი ისტორია მოუყვე, რომ მეორედ, მესამედ, მეათედ მოუნდეს დაბრუნება - როგორც ჩვენ მოგვწონს დავუშვათ ევროპაში სხვადასხვა ქალაქებში, მსოფლიოში დაბრუნება. და შესაბამისად ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენი ქრისტიანული კულტურაც ამას წარმოადგენს“, - აცხადებს კულტურის მინისტრი.
სხვა სიახლეები
ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ - კულტურის მინისტრი
06.04.2026.22:04
ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ, - აცხადებს კულტურის მინისტრი, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“ Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. თინათინ რუხაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კულტურული და სპორტული ობიექტების განვითარება - იგეგმება ქრისტიანული კულტურის ცენტრისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, ასევე ძეგლების რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების დაპროექტება.
მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია საკონცერტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ფილარმონიის რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად ვითარდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები და თბილისში უნიკალური სტადიონის მშენებლობა, რომელიც საკონცერტო შესაძლებლობებსაც მოიცავს.
„ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ პრემიერთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მასთან შეთანხმებით: ვაშენებთ ქრისტიანობის კულტურის ცენტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად... თანამედროვე ხელოვნების ცენტრს.
ძალიან ბევრი რეაბილიტაცია მიმდინარეობს როგორც ძეგლის, ისევე ახალი შენობების დაპროექტება. იცით, რომ სპორტის კუთხით მულტიფუნქციურები ყველგან შენდება იმისთვის, რომ სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება... კულტურაც არის ამის განუყოფელი ნაწილი, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის სახეა კულტურა. საკონცერტო დარბაზებს, ფილარმონიიდან დაწყებული ყველა დარბაზის რეაბილიტაცია - უკვე ფილარმონია დავიწყეთ. სტადიონი შენდება, რომელიც იცით რომ თბილისში უნიკალურ სტადიონის მშენებლობაზეა ლაპარაკი, რომელიც ასევე საკონცერტო ინფრასტრუქტურით იქნება გაჯერებული იმისთვის, რომ დიდ პროექტებს აკეთებს Starring Georgia და ძალიან სერიოზული კომპანიაა, რომელიც ასევე ჩვენს არეალში შემოდის და ამიკო ჯანელიძე და მისი გუნდი უნიკალურ პროექტებს ახორციელებენ ყოველწლიურად.
გასულ წელს ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო და ახლა მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ვართ, მაინც ვცდილობთ, რომ წლევანდელი წელიც იქნებ საინტერესო იყოს.
მოკლედ კულტურაც არის ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ის არის სახე, რომელიც საიმიჯო საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია როგორი იქნება ქვეყანა შეფუთული, დაბრენდილი და როგორ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოსთვის, რომ ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი იყოს მუდმივი“, - აცხადებს კულტურის მინისტრი.