რა ეტაპზეა თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობის პროცესი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა გრძელდება. ტერიტორიაზე მიმდინარეობს აფრიკის ვოლიერის მშენებლობა, სადაც სამომავლოდ სხვა ცხოველებთან ერთად ჟირაფების ჩამოყვანაც იგეგმება.
როგორც Business Insider Georgia-თან ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე აცხადებს, ვოლიერის მშენებლობა წელს დასრულება და ამის შემდეგ დაიწყება ჟირაფების მოძიება და ჩამოყვანა.
„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ ზოოპარკში მიმდინარეობს ე.წ. აფრიკის ვოლიერის მშენებლობა, რომელსაც ჩვენ „აფრიკის სავანა“ დავარქვით, რომელშიც თავმოყრილი იქნებიან აფრიკაში გავრცელებული სახეობები. ამჟამად დასრულებულია მხოლოდ დახურული ვოლიერის მშენებლობა, სადაც გათვალისწინებულია ჟირაფების სივრცეც. უბრალოდ ფინანსური და ტექნიკური პრობლემების გამო გასულ წელს ვოლიერის მშენებლობის დასრულება ვერ შევძელით, მაგრამ იმედი გვაქვს, წელს მოხერხდება, რომ სრულყოფილი სახე მივცეთ. მხოლოდ ვოლიერის მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყებთ მუშაობას ჟირაფების მოძიებაზე და ჩამოყვანაზე“, - განმარტავს მზია შარაშიძე.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ვოლიერის მშენებლობა დასრულდება დაიწყება მოძიება და ამის შემდეგ განხორციელდება მათი ტრანსპორტირება.
„აფრიკის სავანაში“ იქნება ასევე ჰიპოპოტამის ვოლიერი. დახურულ სივრცეში არის ჰიპოპოტამის დახურული აუზი და გარე სივრცეშიც გათვალისწინებულია დიდი ტბორი. გარდა ამისა იქნებიან სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და აფრიკის წვრილი ცხოველები“, - აცხადებს მზია შარაშიძე.
ცნობისათვის, თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან იწყება და ის კავკასიის ცხოველთა სააკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
ახლად დაარსებულ ზოოპარკს ქალაქის შემოგარენში, მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარი ფართობი გამოეყო. ადგილმდებარეობა კარგად იყო შერჩეული – საუკეთესო მიკროკლიმატი იდეალურ პირობებს ქმნიდა ცხოველებისთვის.
რაც შეეხება ახალ ზოოპარკს მისი მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ტერიტორია ბიოგეოგრაფიული ზონირების შესაბამისად დაიყოფა: ევროპა და კავკასია, აფრიკის სავანა, ცენტრალური აზიის სტეპი და მთიანეთი, ტროპიკული აზია, ავსტრალია, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა. ახალი ზოოპარკის პირველი ვოლიერები გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.
ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულებამდე ცხოველების მონახულება ძველ ზოოპარკშია შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები - Retail Association-ის აღმასრულებელი დირექტორი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე
21.01.2026.17:27
ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, - განუცხადა ჟურნალისტებს Retail Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიკო ქაშაკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო, თავისი მხრივ მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს.
„ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე. გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ყველა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, არის მზად, რომ ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ რეჟიმშიც, ჯგუფურ რეჟიმშიც. საერთოდ არ ყოფილა დამტკიცების რეჟიმში საუბარი. ეს იყო დიალოგი, ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც.
დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება. სახელმწიფო, თავისი მხრივ მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაც გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება“, - აღნიშნა სოფიკო ქაშაკაშვილმა.