როდესაც ზიანი 1000 ლარს აღემატება, საქმე უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს - როგორ ისჯება სატყეო ფონდში კანონდარღვევა
ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ოპერირებს და ტყის მართვის პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებთან კოორდინაციის გარეშე ვერ განხორციელდება ვერც ტყითსარგებლობა და ვერც აღდგენის ღონისძიებები.
„როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სატყეო სააგენტო ძირითადად რეგიონებზეა ორიენტირებული და, პრაქტიკულად, აჭარის გარდა ყველა რეგიონში ოპერირებს. შესაბამისად, მათი ჩართულობისა და მუდმივი კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვა იქნება ეს ტყითსარგებლობის პროცესი, ტყის აღდგენა თუ სხვა მიმართულება.
ამიტომ, რეგიონებში ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამის უწყებებთან მუდმივი კომუნიკაცია არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რასაც სააგენტო აქტიურად უზრუნველყოფს,“ - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.
მისივე განმარტებით, უკანონო ქმედებების პრევენცია ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის პრიორიტეტულია, რადგან ტყისთვის მიყენებული ზიანის აღდგენას წლები სჭირდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის უმთავრესი პოტენციური სამართალდარღვევების პრევენციაა, ეს მიმართულება ჩვენთვის ამოსავალი პრინციპია. თითოეულ უკანონო ქმედებას აქვს სერიოზული უარყოფითი შედეგები და მისი აღდგენა ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს, ამიტომ პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პრევენციის უზრუნველსაყოფად, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, აუცილებელია სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობაც. რაც შეეხება ჯარიმებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი 1000 ლარს აღემატება, საქმე უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს და პროცესში შესაბამისი უწყებებიც ერთვებიან. შესაბამისად, სხვა უწყებებთან კოორდინაცია აქტიურად ხორციელდება.
ამ რეფორმის მიზანი არ არის მოსახლეობასთან კონფლიქტი ან დასჯაზე ორიენტირებული მიდგომა. პირიქით, მისი მთავარი ამოცანაა, რომ ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ტყითსარგებლობის პროცესი მდგრადად განვითარდეს. ტყითსარგებლობა ტრადიციული საქმიანობაა და არავის ეზღუდება, თუმცა აუცილებელია მისი განხორციელება კანონმდებლობისა და ეკოსისტემის საჭიროებების გათვალისწინებით.
საბოლოოდ, ეს რეფორმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიდგომები უზრუნველყოფს სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ინტერესების ბალანსს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.
მისივე განმარტებით, საქართველოს ტყეების მთავარი ფუნქცია გარემოს დაცვა და კლიმატურ რისკებთან გამკლავებაა, ხოლო ტყითსარგებლობის წესები დიდწილად ტრადიციულ ცოდნას ეყრდნობა. დათა კობახიძე განმარტავს, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ისტორიულად გააჩნია ტყის მდგრადი გამოყენების გამოცდილება, რაც მოქმედ კანონმდებლობაშიც არის ასახული.
„საქართველოს ტყეების მთავარი ფუნქცია არის ეს გარემოსდაცვითი კუთხით, მათ შორის ამ კლიმატის ცვლილების ფონზე, კატასტროფების რისკების შემცირების კუთხით, აღმოსაფხვრელად. ტრადიციულად მოსახლეობას, მით უმეტეს რეგიონებში მცხოვრებლებს აქვთ ის ტრადიციული გამოცდილება, ტრადიციული ცოდნა, რომ მაგალითად მაღალი დახრილობის ფერდობზე არ უნდა მოიჭრას, როგორ უნდა მოხდეს ეს სარგებლობა და რეალურად კანონმდებლობა რაც არის, რეალურად ამ ტრადიციულ ცოდნაზეც არის დაფუძნებული და შესაბამისად ტრადიციულად როგორც მიმდინარეობდა მდგრადად სარგებლობა, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კანონმდებლობაში რაღაც განსაკუთრებული ისეთი შეზღუდვებია, რაც რეალობას არ შეესაბამება“, - აცხადებს დათა კობახიძე.
სხვა სიახლეები
სატყეო რეფორმა დასკვნით ფაზაშია - დათა კობახიძე
14.04.2026.16:00
ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის ფუნქცია დაუბრუნდა და უწყება ახალი 401 ტყის მცველით გაძლიერდება, ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა, დათა კობახიძე განაცხადა. მისი თქმით, სატყეო რეფორმა დასკვნით ფაზაშია და ცვლილებები ტყის დაცვის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„სატყეო რეფორმა, რომელიც წლებია მიმდინარეობს, უკვე დასკვნით ფაზაზეა, პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია მიმართულება, რა მიმართულებითაც შედის ის საკვანძო ცვლილებები სატყეო სექტორში და მთავარი, რაც უნდა აღვნიშნოთ არის ის, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაუბრუნდა ტყის დაცვის ფუნქცია. რაც გულისხმობს - თანამშრომლების გადამზადებას, გაძლიერებას, თანამშრომლების რესურსის გაზრდას. მათ შორის ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება 401 ტყის მცველი, რაც ძალიან დიდი რესურსია ადამიანური კუთხით და კონკრეტულ ფართობებზე იქნება კონკრეტულად მიმაგრებული პირი, ტყის მცველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მის დასაცავ ფართობზე. მათ შორის რა თქმა უნდა აღსანიშნავია, გაზრდილი ტყის მცველთა რაოდენობა გაზრდის ეფექტიანობას, იმიტომ რომ წარსულში თუ პირობითად 10 000 ჰექტარი მოდიოდა ერთ თანამშრომელზე, ამჟამად გაცილებით შემცირებულია, დაახლოებით 2 000 ჰექტარი იქნება სამართავი ფართობი და დაცვის ფუნქცია უნიკალური იქნება ამ შემთხვევაში ამ ჩვენი სახელმწიფო ტყისთვის, ამ ჩვენი უნიკალური სიმდიდრისთვის რაც საქართველოს გააჩნია“, - აღნიშნა დათა კობახიძემ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებითვე, ინვენტარიზაციის შედეგად საქართველოში დეგრადირებული ტყის ფართობები გამოვლინდა, რაც ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შედეგია.
„გამოწვევა ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგად გამოიკვეთა, საუბარია დეგრადირებული ტყის ფართობებზე.
დეგრადირებულ ტყე - ზოგადად დეგრადაციის ცნება შედარებით ფართოა და გარკვეულწილად გარკვეული შეხედულების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს დეგრადირებულად ან არ ჩაითვალოს. ჩვენს შემთხვევაში დეგრადირებულში იგულისხმება ის ტიპური ტყე, რაც უნდა იყოს იმ ეკოსისტემისთვის, რაც უნდა ქმნიდეს იმ ჰაბიტატს, რასაც სრულფასოვნად ასრულებს ასე ვთქვათ ტყის ფუნქცია. ანუ ნაკლოვანება, მათ შორის მაგალითად უკანონო ჭრების შედეგად - ეს ათწლეულებზეა საუბარი რა თქმა უნდა და ბოლო ერთი-ორი და თუნდაც ხუთი და ათი წლის შედეგი არ არის.
ამას ემატებოდა არარაციონალური ბუნებათსარგებლობა ის უკანონო ჭრების სახით იქნებოდა თუ სხვადასხვა კუთხით და ამ ყველაფერმა განაპირობა დეგრადაციის შედარებით მაღალი დონე. დაახლოებით 30 პროცენტი, 30 პროცენტზე მეტიც, რაც შეიძლება ითქვას, რომ საყურადღებოა და შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშოა.
რეფორმა ორიენტირებულია აღდგენის კუთხითაც და მათ შორის ჩვენ გვაქვს პროექტები, მიმდინარე პროექტები ტყის აღდგენის კუთხით. ეს სხვადასხვა კუთხით არის საუბარი, მათ შორის ჩვენ ხელს ვუწყობთ ბუნებრივი განახლების პროცესებს პირობითად წარსულში მასიურად ჭრაგავლილ ფართობებზე, სადაც ბუნებრივად ტყეს უჭირს აღდგენითი პროცესები, ამ შემთხვევაში ადამიანის ჩარევით, შესაბამისი პროექტების განხორციელებით მიმდინარეობს ამ დეგრადირებული ფართობების აღმოფხვრა და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეს არის მიმდინარე ეტაპზე“, - განმარტა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა.